მერია: მოვაჭრეები ხმალაძეს ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებს გააცნობენ

პუბლიკა

თბილისის მერიის ცნობით, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე სადგურის მოედნის მიმდებარედ დამწვარ ბაზრობაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და იქ შეკრებილ მოვაჭრეებს შეხვდა.

„შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანა განადგურებული კონსტრუქციების დემონტაჟი და ტერიტორიის მოწესრიგებაა, რასაც მერია უზრუნველყოფს. დღესვე დაიგეგმა შეხვედრა თბილისის მერიაში, სადაც მოვაჭრეები ვიცე-მერს წარუდგენენ ინფორმაციას დაზარალებულების რაოდენობაზე, ზარალის სავარაუდო ოდენობასა და სხვა დეტალებზე“, – წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ხმალაძე ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გუშინაც შეხვდა:

„შეხვედრაზე ვიცე- მერმა გამოთქვა მზადყოფნა, მერიამ გამოიჩინოს კეთილი ნება და დაზარალებულებს გარკვეული ფორმით დაეხმაროს“.


30 აპრილს „ვაგზლის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ცეცხლი დაახლოებით დილის 6 საათზე გაჩნდა და ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.