პრემიერის საქმიანობის შეფასება გაუარესდა – NDI

პუბლიკა

NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასება გაუარესდა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებს.

კვლევის მიხედვით, 2021 წელს მოსახლეობის 35% ამბობს, რომ ცუდად აფასებს პრემიერის საქმიანობას, როდესაც 2020 წელს პრემიერის საქმიანობას [გიორგი გახარიას პერიოდი] მხოლოდ 17% აფასებდა უარყოფითად.

2021 წელს პრემიერ ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად აფასებს მოსახლეობის მხოლოდ 27%, როდესაც 2020 წელს პრემიერის საქმიანობას პოზიტიურად 46% აფასებდა.

ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. 2021 წლის ივლისსა და დეკემბერში ხალხის 52% ამბობდა, რომ არსებული მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებდა. 2020 წელს კი ასე მხოლოდ 38% ფიქრობდა.

რაც შეეხება პოზიტიურ შეფასებას, გასული წლის ივლისში მთავრობის საქმიანობას 36% აფასებდა კარგად, დეკემბერში – 39%. ხოლო 2020 წელს გამოკითხულთა 50% ამბობდა, რომ ისინი კმაყოფილები იყვნენ მთავრობის საქმიანობით.

NDI-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ინსტიტუტებიტ და ლიდერებით უკმაყოფილოა. მოსახლეობის 35% ცუდად აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას. 22% მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინსტიტუტი კარგად მუშაობს. 28% კი თვლის, რომ – საშუალოდ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინსტიტუტის საქმიანობით უკმაყოფილოა და ცუდად აფასებს მოსახლეობას 46%. ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 14% აფასებს, ხოლო 29% საშუალოდ.

რაც შეეხება პარლამენტს, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ცუდად აფასებს ინსტიტუტის მუშაობას. ინსტიტუტს კარგად აფასებს 12%, ხოლო საშუალოდ – 33%.


კვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ.

საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში მიმდინარეობდა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

ჯამში ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა შეკითხვის მიხედვით.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).