17 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 89 260 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 14 643 ადამიანი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 17 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 89 260 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 14 643 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აიცრა 738 ადამიანი.

აცრისთვის დასაჯავშნად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

45 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ვაცინაცია შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 18 წელს ზემოთ კი – „სინოფარმის“.

დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ფაიზერის“ დამატებითი დოზები ქვეყანაში, სავარაუდოდ, ივნის-ივლისში შემოვა. მისივე თქმით, მოლაპარაკება დაახლოებით  მილიონ დოზას შეეხება.

„უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებით შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისში. დაახლოებით, მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული. „ფაიზერის” პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმისა” და „სინოვაკის” ქარხნებთან უშუალოდ, დამატებითი დოზების მოწოდებაზე, „მოდერნასთან“, ასევე „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანაზე“, – განაცხადა პრემიერმა.