17 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის წესი იცვლება

პუბლიკა
content image

„ქართული ოცნების“ მთავრობის 17 აპრილის დადგენილებით, განსაზღვრულია იმ ქვეყნების სია, ვისი მოქალაქეებიც შეძლებენ საქართველოში უვიზოდ 1 წლით შემოსვლას, თუ მათ აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითის ან ომანის გაცემული მრავალჯერადი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.

დადგენილების თანამად, მთავარია, რომ აღნიშნული ვიზა ან ნებართვა საზღვრის გადაკვეთის დღისთვის, მოქმედი იყოს მინიმუმ კიდევ ერთი წლით და ეს დადასტურებული იყოს შესაბამისი საბუთებით, მაგალითად – ბიომეტრიული პასპორტით ან სამგზავრო დოკუმენტით.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაც დადგენილებით გათვალისწინებული პირობა შეეხოთ:

  1. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა
  2. ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა
  3. განის რესპუბლიკა
  4. ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
  5. ერიტრეას სახელმწიფო
  6. იემენის რესპუბლიკა
  7. კამერუნის რესპუბლიკა
  8. კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა
  9. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
  10. მაროკოს სამეფო
  11. ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა
  12. პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა
  13. სომალის ფედერაციული რესპუბლიკა
  14. სირიის არაბთა რესპუბლიკა
  15. სუდანის რესპუბლიკა
  16. ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა
  17. უგანდის რესპუბლიკა

დადგენილება ძალაში შედის 2025 წლის 16 მაისს.

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზოდ შემოსვლის წესი მოქმედებს 2015 წლის 5 ივნისიდან, საქართველოს მთავრობის №256 დადგენილების საფუძველზე.

ამ წესის მიხედვით, ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ მთავრობის მიერ განსაზღვრული, დაახლოებით 50 ქვეყნის მოქალაქეებს.

გარდა ამისა, დაშვებულია გამონაკლისი შემთხვევები: უვიზოდ საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ იმ პირებსაც, რომლებიც არ არიან აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები, მაგრამ აქვთ მათგან გაცემული მოქმედი მრავალჯერადი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა.

ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს, თუ ექნებათ 50-დან რომელიმე იმ ქვეყნის მოქმედი ვიზა ან ბინადრობის უფლება, არ შეეზღუდებათ ვიზის ვადის ხანგრძლივობა და საქართველოში შეძლებენ ყოფნას წელიწადში ორჯერ, თითოეულ ჯერზე 180-დან 90 დღის განმავლობაში.

განახლება: 

„ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არასწორია, რომ ეს ცვლილება ამარტივებს ამ ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას და რეალურად, გამკაცრებას ემსახურება.

უწყების განცხადებით, დადგენილების ცვლილებამდე არსებული რედაქციის თანახმად, ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდათ საქართველოში შემოსვლის უფლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფლობდნენ გალფის ქვეყნების ვიზას ან ბინადრობის მოწმობას, თუმცა არ იყო დადგენილი ვიზის მოქმედების ვადები.

შესაბამისად, როგორც შსს ამბობს, აღნიშნულ ქვეყნებთან მიმართებით, მოთხოვნები გამკაცრებულია.