ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორია.
ის 16 აპრილს დაინიშნა.
ვანო ზარდიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან”.
პარლამენტი მან 2019 წლის 7 ოქტომბერს დატოვა. მის მიერ პარლამენტის დატოვებას წინ უძღოდა ეკა ბესელიასთან დაპირისპირება. 2019 წლის 26 სექტემბერს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ირემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრს, ვანო ზარდიაშვილს სახეზე ხელი მიარტყა. მის ამ ქმედებამდე კი ვანო ზარდიაშვილმა რეპლიკა გააკეთა „ბესელიას მორალზე” ნეგატიურ კონტექსტში.
ვანო ზარდიაშვილს საპარლამენტო მანდატი 2019 წლის 12 ნოემბერს შეუწყდა და მალევე, 2 დღეში, შპს ენერგოტრანსის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
შპს ენერგოტრანსი 2002 წლიდან სახელმწიფო საწარმოა.
TI-ის მოკვლევით, ამ თანამდებობაზე, მხოლოდ თვე-ნახევრის განმავლობაში (14.11.2019- 31.12.2019) მისმა სახელფასო შემოსავალმა 22,307 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც დეპუტატის თანამდებობაზე ყოფნისას მისი წლიური შემოსავალი დაახლოებით 42,585 ლარი იყო.
2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ენერგოტრანსი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შეუერთდა, იყო მმართველთა საბჭოს წევრი.
2021 წელს, ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა.
ვანო ზარდიაშვილის საქმიანობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ:
2012-2013 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
2013 წელს გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა და ამ თანამდებობას 2016 წლამდე იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ამავე პერიოდში აუდიტის სამსახურში დაასაქმა მიხეილ ჩინჩალაძის ცოლი და დედა.
2015 წელს ვანო ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა, ლევან მურუსიძის ბრძანებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა და ამ პოზიციას იგი დღემდე იკავებს.
ვანო ზარდიაშვილის საქმიანობა წინა ხელისუფლების პერიოდში:
2004-2006 წლებში ზარდიაშვილი ზურაბ ადეიშვილთან ერთად მუშაობდა, ჯერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატში, შემდგომში ადეიშვილის თანაშემწის პოზიციას იკავებდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. 2004 წლის ივნისიდან კი იყო ზურაბ ადეიშვილის, როგორც გენერალური პროკურორის, მრჩეველი.
2010 წლიდან ზარდიაშვილმა სასამართლო სისტემაში გადაინაცვლა. იმავე წელს მისი მეუღლე თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონსულტანტად დაინიშნა. აბრალავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2010 წლის 1 ივნისიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
2010-2012 წლებში ზარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატს ხელმძღვანელობდა. 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, საქალაქო სასამართლოს მანდატურები ვანო ზარდიაშვილს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, მათ „ქართული ოცნების“ აქციაზე წასვლას უკრძალავდნენ, წასვლის შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე, სთხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დასწრებას.
რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი
TI-ის თანახმად, 2013-2019 წლებში ვანო ზარდიაშვილის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში ზარდიაშვილმა დაახლოებით 1 000 000 ლარის ღირებულების ქონება შეიძინა, მაშინ, როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 100 000 ლარი იყო.
ორგანიზაცია წერს, რომ 2013 წელს, როცა ვანო ზარდიაშვილი გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო, საკუთრებაში 2 ბინა ჰქონდა თბილისში, უკვე 2015 წელს, მის დეკლარაციაში 6 ბინაა ასახული; უნდა აღინიშნოს, რომ ზარდიაშვილის მეუღლე – თინათინ აბრალავა 2014 წლიდან ფლობს 5% წილს შპს პენტჰაუზში, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ზარდიაშვილმა მხოლოდ 2020 წლის დეკლარაციაში მიუთითა. პენტჰაუზის საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩის №43-ში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ საცხოვრებელი კომპლექსში არაერთი უძრავი ქონება.
2016 წლიდან ვანო ზარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. 2017 წელს, პარლამენტარ ზარდიაშვილსა და მის ცოლს 8 ბინა და 1 კომერციული ფართი აქვთ საკუთრებაში.
2021 წლის ოქტომბერში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანო ზარდიაშვილმა, 2019 წელს პარლამენტის დატოვებამდე რამდენიმე თვით ადრე, თბილისში „არტ ჰაუს პლაზას“ ცათამბჯენში ბინა შეიძინა, რომლის საბაზრო ფასიც 1 მილიონ 175 ათასი ლარია.