ოპოზიციური პარტიები კონგრესის მიერ MEGOBARI აქტის მიღებას ეხმაურებიან

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიები კონგრესის მიერ MEGOBARI აქტის მიღებას ეხმაურებიან.

ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა:

„მეგობარი აქტის“ მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის – ის ან დათმობს ხელისუფლებას, ან მიიღებს უმძიმეს სანქციებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან. ფინანსური სანქციის ქვეშ ასევე მოჰყვებიან მისი გარემოცვის წევრები, პროპაგანდისტები და კორუმპირებული ბიზნესი, ე.წ. ფინანსური ელიტა, რომელზეც დგას მისი რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არანაირი რესტარტი აშშ-თან არ მოხდება”.

„ლელო საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ „მეგობარი აქტის” მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ანაკლიის პორტის საკითხი გახდა.

მისივე თქმით, პარტია აშშ-ში ვიზიტისას მაღალი რანგის შეხვედრებს აწყობდა, რათა „პერსონალური ინდივიდუალური პასუხისმგებლობები დაჰკისრებოდა ივანიშვილს და მის რეჟიმს, მის ბანდას, იმ ზეწოლისა და ძალადობისთვის, რაც ჩაიდინა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“.

„ეს არის ფიზიკური ანგარიშსწორება, სასამართლო სისტემის განადგურება, სახელმწიფო ინსტიტუტების დევნა, ოპოზიციის დევნა, ოპოზიციური ლიდერების დაკავებები, სისხლის სამართლის საქმეები და ასე შემდეგ. ამ ყველა დანაშაულზე, რასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ჩადის საქართველოს დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ, მათ მოუწევთ პასუხისგება. კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ დამტკიცება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ყველაფერს. ჩვენ ვმუშაობთ ამ პერსონალური სანქციების ბევრად უფრო გამკაცრებაზე, აუცილებლად მივიღებთ იმ სწორ შედეგს, რომელიც აიძულებს ივანიშვილს გახსნას მოლაპარაკებები, უკან დაიხიოს, ეს ქვეყანა გადაარჩინოს რუსულ გავლენის სფეროდ ქცევად“. – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

რაც შეეხება „ცვლილებების კოალიციას” — მათი განცხადებით, „მეგობარი აქტის“ კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში.

„მეგობარი აქტის კენჭისყრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს დემოკრატიულ მომავალს, აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში.

აქტის მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების რიტორიკა თითქოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ პროცესს შეეგუონ და უზურპატორი ე.წ. ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარონ, არის ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის გამიზნული პროპაგანდა”. – აცხადებს კოალიცია.

ანა დოლიძემ FB-ზე დაწერა:

„მეგობრებო, გილოცავთ, ამერიკის თემთა პალატამ „MEGOBARI აქტი“ ორ პარტიული უმრავლესობით მიიღო. ახლა დაველოდოთ სენატს. სულ მალე ახალი რეალობა დაგვიდგება. „ქართული ოცნება“ ჩიხშია“.

6 მაისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტი“ მიიღო – კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა.

MEGOBARI ACT ითვალისწინებს:

  • ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიციირებას, დახმარების პროგრამების ჩათვლით;
  • ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას;
  • პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრებას, რომ დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულია სხვა სახის კორუფციულ საქმიანობებში, რაც საქართველოს სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს;
  • ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას;
  • რუსეთის მიმდინარე და უკანონო ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას;