თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დავით ხომერიკის მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაკითხეს პოლიციელი გიორგი მხეიძე. მან სასამართლოს ფორმალური სახის ინფორმაცია მიაწოდა – აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპე გამოჰკითხა მისივე კოლეგა – გიორგი ჯიქია, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, ხომერიკის დამკავებელი პოლიციელია.
ბრალდების მხარეს ასევე სურდა, რომ დღევანდელ პროცესზე გამოეკვლია საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც პროკურორის თქმით, ასახავდა პარლამენტის მიმდებარედ არსებულ ვითარებას, იმ დღეს, რა დღესაც ხომერიკი დააკავეს.
ტექნიკური პრობლემის გამო სხდომაზე ჩანაწერი ვერ ჩართეს და აღნიშნეს, რომ მას მომდევნო სხდომებზე მიუბრუნდებიან.
ამასთან, სასამართლომ იმსჯელა და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ადმინისტრაციული საქმის სხდომის ოქმის სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებად დართვაზე. აღსანიშნავია, რომ დავით ხომერიკი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და საქალაქო სასამართლოში 1 აპრილს მისი ადმინისტრაციული საქმის განხილვაც გაიმართა.
ადვოკატ შოთა თითბერიძის თქმით, ადმინისტრაციულ პროცესზე დაიკითხა პოლიციელი გიორგი ჯიქია, რომელსაც, დაცვის მხარის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას სხვაგვარი ჩვენება აქვს მიცემული. დაცვის მხარეს სურდა, რომ მისი ჩვენება, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოში ჰქონდა მიცემული, დართვოდა სისხლის სამართლის საქმეს, რათა დაცვის მხარეს ჰქონოდა შესაძლებლობა, შეედარებინა სხვადასხვა პროცესის დროს დაფიქსირებული გარემოებები ერთმანეთს. დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და სხდომის ოქმები მხოლოდ ცნობად მიიღო.
„დავით ხომერიკი არის დაკავებული თამარაშვილის გამზირზე. პოლიციის თქმით, გზის გადაკეტვის მცდელობისას, ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით და მათივე თქმით, შემოწმების დროს უპოვეს ადვილად აალებადი ნივთიერება. შედეგად, მას ედავებიან აფეთქების მომზადებას.
ამ პროცესზე ერთ-ერთი მოწმე არის გიორგი ჯიქია, რომელმაც დააკავა და ჩაატარა ადმინისტრაციული მოქმედებები.
ხომერიკის მიმართ გაიმართა ასევე ადმინისტრაციული პროცესიც, სადაც პოლიციელმა თქვა, რომ მას ეს ბოთლები ხომერიკის ჩანთაში არ უნახავს და რომ ეს ბოთლები პირველად პოლიციის განყოფილებაში ნახა.
ეს კი სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერვე მიცემულ ჩვენებას ეწინააღმდეგება, ვინაიდან ჩვენებაში ის ამბობს, რომ ხომერიკს ეს ნივთები პირადი გასინჯვის დროს უპოვეს.
ჩვენ ადმინისტრაციულ საქმეზე მიცემული მისი ეს ჩვენება გამოვითხოვეთ და წარვუდგინეთ სისხლის სამართლის საქმის კოლეგიას, რომ დართვოდა საქმეს ეს ადმინისტრაციული პროცესის ოქმი.
ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში მოწმე გიორგი ჯიქია ჯერაც დასაკითხია და ჩვენ უნდა გვქონოდა შესაძლებლობა, შეგვედარებინა – რას ამბობს მოწმე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილთან და რას ამბობდა მოსამართლე ლელა მილდენბერგერთან.
სამწუხაროდ, მოსამართლე ნონო გალუსტაშვილმა არ დაურთო ეს ოქმები საქმეს, იმ არგუმენტით, რომ სხვა საქმის არისო.
ჩვენ მოსამართლემ წაგვართვა შესაძლებლობა – გიორგი ჯიქია რომ მოვა და თუ ისაუბრებს სხვა რაღაცას, რაც უკვე დაფიქსირებული აქვს ადმინისტრაციულ პროცესზე – წაგვართვა შესაძლებლობა, რომ ეს ორი ჩვენება დავუპირისპიროთ ერთმანეთს“, – განაცხადა თუთბერიძემ.
მოსამართლის თქმით, აღნიშნული მოწმე – გიორგი ჯიქია სისხლის სამართლის საქმეზეც დაიკითხება.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს უშუალოდ გამოკვლევის ფარგლებით, ეს გულისხმობს იმას, რომ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება არის ის რელევანტური გარემოება, რაც უნდა მიიჩნიოს [გაითვალისწინოს] სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული [სხდომის ოქმი], მათ შორის გამოკითხვის ოქმი, მხოლოდ ცალკე აღებული, სასამართლოსთვის, ასე ვთქვათ, არაფერს არ ნიშნავს.
….აღნიშნული მოწმე ბრალდების მხარეს მითითებული ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში, და ამ მოწმეებს ჩვენ დავკითხავთ. შესაბამისად, [შუამდგომლობის] დაკმაყოფილების საფუძველი არ არის, სასამართლო თქვენს მიერ მიღებულ ოქმებს მიიღებს ცნობის სახით და დართული იქნება საქმეზე“, – განაცხადა გალუსტაშვილმა.
დავით ხომერიკს პროკურატურა აფეთქების მომზადებას ედავება.
ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული აღნიშნული ცეცხლგამჩენი ნივთები/ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.