2019 წელს 2018 წელთან შედარებით, ჰომოფობიური განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - MDF

პუბლიკა

„მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 2019 წლის სიძულვილის ენის მედიამონიტორინგის შედეგებს ასახავს. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, ჰომოფობიური განცხადებების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია (2019 – 1214; 2018 – 732), ქსენოფობიური (2019 – 538; 2018 – 802), რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი (2019 – 76; 2018 – 154) და რასისტული (2019 – 6; 2018 – 54) კომენტარები კი – შემცირებული.

ამავე ანგარიშის მიხედვით, სიძულვილის ენის შემცველი ყველაზე მეტი კომენტარი მედია საშულებებმა (646) გააკეთეს, რასაც თითქმის თანაბრად პოლიტიკოსები (402) და საზოგადოების წარმომადგენლები (396) მოსდევენ. სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმა ჯამში 329 დისკრიმინაციული განცხადება გააკეთეს, ყველაზე ნაკლები – სასულიერო პირებმა (145).

მონიტორინგის შედეგად ასევე შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • მონიტორინგის პერიოდში სულ 1918 დისკრიმინაციული განცხადება გაშუქდა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ჰომოფობიური შინაარსის იყო, რასაც ქსენოფობიური კომენტარები მოსდევს;
  • აქტუალური იყო შემდეგი ჰომოფობიური გზავნილები: ჰომოსექსუალები ღმერთს უპირსპირდებიან; ანტიდისკრიმინაციული კანონი ჰომოსექსუალებს სხვა ჯგუფებთან ათანასწორებს; ჰომოსექსუალები ავადმყოფები არიან და მათ გამოხატვის თავისუფლება უნდა შეეზღუდოთ; გეიპრაიდი პროვოკაციაა;
    გეი ფილმები („და ჩვენ ვიცკევეთ“, „კომეტები“) გარყვნილების პროპაგანდაა, დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალობას, რუსეთი ებრძვის მას.

  • 20 ივნისის ანტიდასაოკუპაციო აქციის გეი პრაიდთან და ლგბტ თემთან დაკავშირებას, როგორც მედია, ასევე ანტილიბერალური დაჯგუფება „ქართული მარში“ ახდენდა. მკვიდრდებოდა მოსაზრებები, რომ ანტისაოკუპაციო აქციაზე პრემიერ გახარიას გადადგომას ნაციონალები და „პიდარასტები“ ითხოვენ.
  • ქსენოფობიური გზავნილების ყველაზე დიდი წილი ანტიმიგრანტული შინაარსის კომენტარებზე მოდის, რასაც თურქოფობიური განცხადებები მოსდევს.
  • ანტიმიგრნატული დისკურსი მედიაში შემდეგი გზავნილების კულტივირებას ახდენდა: მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება „უცხოტომელთა ჩამოსახლებას“ შეწყვეტდა, არ გამართლდა; განათლების სისტემა მოზარდებს „ოსმალიზაციისა“ და „არაბიზაციისთვის“ ამზადებს; მიგრანტები = კრიმინალის ზრდას/სექსუალურ ძალადობას/დემოგრაფიულ საფრთხეს; მარაკეშის ხელშეკრულება აზიისა და აფრიკის ქვეყნების მიგრანტების მიღებას გვავალდებულებს;

  • თურქოფობიის შემთხვევაში ყველაზე ხშირად პატრიოტთა ალიანსი და მასთან დაკავშირებული ტვ „ობიექტივი“ ფიგურირებდნენ, რომლებიც შემდეგ გზავნილებს კულტივირებდნენ: თურქეთი ისტორიული მტერია; თურეთი აჭარაში ექსპანსიას ახორციელებს; ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ თურქეთი აჭარას დაიბრუნებს/ტერიტორიული მთლიანობის გარანტი რუსეთია, თუ რუსეთი ოკუპანტია, თუქეთიც ოკუპანტია; ნეიტრალიტეტი თურქული ექსპანსიის შეჩერების გარანტია.
  • აზერბაიჯანელების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები ძირითადად დავით გარეჯთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა, რაც ამკვიდრებდა აზრს, რომ აზერბაიჯანი ქართული ტერიტორიის მიტაცებას, ოკუპაციას ცდილობს.
  • არმენოფობიური ხასიათის კომენტარები მეტწილად პოლიტიკოსების და ცალკეული პირების სომხური გვარით ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიებას უკავშირდებოდა.
  • რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებების უმეტესობა ისლამოფობიური შინაარსის იყო, რასაც იეჰოვას მოწმეების და არამართლმადიდებლური კონფესიების წინააღმდეგ გაკეთებული კომენტარები მოსდევდა.
  • მკვიდრდებოდა აზრი, რომ მიმდინარეობს აჭარის ისლამიზაცია, რომ ისლამიზაციისგან საქართველო ისტორიულად რუსეთმა იხსნა; იეჰოვას მოწმეებისგან დაცვა კი მხოლოდ მართლმადიდებელ რუსეთს ძალუძს.
  • სხვადასხვა მოტივით სიძულვილის ენის შემცველი კომენტარებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა ინდივიდუალური შუღლის გაღვივებასა და ძალადობის წამახალისებელ კომენტარებზე მოდის.
  • მედიიდან ყველაზე ხშირად სიძულვილის ენის ტირაჟირებას, წინა წლების მსგავსად, კრემლთან დაკავშირებული „საქართველო და მსოფლიოს“ ჟურნალისტები და ავტორები ახდენდნენ, რასაც ეთნო-ნაციონალისტური გამოცემა „ასავალ-დასავალი“, პრორუსულ პარტია „პარტიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ტელევიზია „ტვ ობიეტივი“, კრემლისტური სააგენტო „საქინფორმი“, ეთნო-ნაციონალისტური გაზეთი „ალია“, ასევე „რეზონანსი“ მოსდევენ.
  • პოლიტიკური პარტიებიდან სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად „პარტიოტთა ალიანსის“ წევრები მიმართავდნენ, რასაც „ქართული დასის“, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსა“ და „ქართული იდეის“ წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები მოსდევს. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრებმა მონიტორინგის პერიოდში 28 დისრკიმინაციული განცხადება გააკეთეს, ხოლო ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა – 11.
    პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადებებიდან ყველაზე მეტი ჰომოფობიური შინაარსის იყო. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ საკითხებზე იკვეთებოდა მმართველი პარტიის და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა (გეი ფილმის ჩვენება), ასევე „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ (ანტისაოკუპაციო პროტესტის გეი რევოლუციასთან დაკავშირება) შეფასებების თანხვედრა.
  • გამოიკვეთა 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად მიმართავდა, მათგან ლიდერობენ „ქართული მარში“ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, რომელთაც „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდი“, „ქართული მისია“, „სახალხო კრება“ და „ევრაზიის ინსტიტუტი“ მოსდევენ.
  • სასულიერო პირთა მიერ გაკეთებული განცხადებათა უმეტესობა ჰომოფობიური შინაარსის იყო, რასაც ქსენოფობიური და რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციული კომენტარები მოსდევს, მათ შორის კათოლიციზმის მწვალებლობად, ხოლო კათოლიკეებთან თანამშრომლობის განსაცდელად წარმოჩენის შესახებ.
  • ისევე, როგორც პოლიტიკოსების და სასულიერო პირების შემთხვევაში, საზოგადოების წევრთა მიერ გაკეთებული განცხადებების უმრავლესობა ჰომოფობიური შინაარსის იყო.

კვლევა 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მედია მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მეთოდოლოგიის მიხედვით, მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც მეინსტრიმული, ასევე ტაბლოიდური მედია. დაკვირვება 15 მედიასაშუალებაზე ხორციელდებოდა. ტელევიზიების შემთხვევაში, პროგრამული ბადის ცვლილებების გამო, ზოგიერთი გადაცემა, რომელიც ეთერიდან მოიხსნა, ახალი ანალოგიური ფორმატის გადაცემებით ჩანაცვლდა. მონიტორინგი შემდეგ სუბიექტებზე განხორციელდა: 4 ტელევიზიის პრაიმ თაიმის ყოველდღიური საინფორმაციო და კვირის ანალიტიკური გამოშვება: საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე, ახალი კვირა), რუსთავი 2 (კურიერი, P.S.), იმედი, (ქრონიკა, იმედის კვირა). ობიექტივის საინფორმაციო გამოშვება (ახალი ამბები).  ტელევიზიის თოქ-შოუ: საზოგადოებრივი მაუწყებელი (კვირის ინტერვიუ), რუსთავი 2 (არჩევანი) შემდგომში მთავარი (არჩევანი), იმედი (პირისპირ), ობიექტივი (ღამის სტუდია; დღის ბოლოს), კავკასია (ბარიერი, სპექტრი). 6 ონლაინ გამოცემა: საქინფორმი, ნეტგაზეთი, ინტერპრესნიუსი, საქართველო და მსოფლიო, PIA, მარშალპრესი. 4 გაზეთი: რეზონანსი, კვირის პალიტრა, ასავალ-დასავალი, ალია. მონიტორინგი როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ მონაცემებს ასახავს. რაოდენობრივი ნაწილი მოიცავს დისკრიმინაციული კომენტარების რაოდენობას თემატიკისა და წყაროების მიხედვით, ხოლო თვისებრივ ნაწილში მოცემულია გზავნილების ტიპოლოგია.