2021 წელს თავდაცვის სამინისტროში „საიდუმლო“ გრიფით 5 მილიონზე მეტი დანამატია გაცემული - აუდიტი

პუბლიკა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში წერს, რომ 2021 წელს დაახლოებით 233 მოსამსახურეზე „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5 160 000-ლარამდე დანამატი, მათ შორის 286 672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ დანამატები არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

2021 წელს 160 000 ლარზე მეტი დანამატი დარიცხულია 83 მოსამსახურეზე ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ზოგიერთ შემთხვევაში მოსამსახურეზე წლის განმავლობაში გარკვეული თვეების მიხედვით გაცემულია ერთი და იმავე ოდენობის დანამატი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი თვის დანამატის გაცემის შემთხვევაში გამოცემულია მინისტრის ბრძანება, ბრძანებებში სათანადოდ არ არის დასაბუთებული დანამატის გაცემის საფუძველი.

2021 წელს „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებით დარიცხულია 154 150 ლარის ფულადი ჯილდო.

მათ შორის, 23 750 ლარი სსიპ-ზე: სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია – 11 250 და სსიპ- გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 12 500 ლარი.

აუდიტის ცნობით, აღნიშნულ ბრძანებებში ფულადი ჯილდოს გაცემის მოტივი და საფუძველი არასათანადოდ არის დასაბუთებული.

აუდიტი ასკვნის, რომ დანამატების და ფულადი ჯილდოს გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სათანადო დასაბუთებას.

თავდაცვის სამინისტო აცხადებს, რომ 233 მოსამსახურეზე გრიფით „საიდუმლო“ წესით გაცემული დაახლოებით 5 მილიონი ლარის დანამატი გადაეცათ თავდაცვის სამინისტრის სამხედრო მოსამსახურეებსა და თანამშრომლებს მათ მიერ ეფექტურად შესრულებული სამუშაოს დაფასებისა და წახალისების მიზნით.

„რაც შეეხება, უშუალოდ გაცემის ფორმას, აღნიშნული განხორციელდა საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისად. დანამატები გაცემულ იქნა იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სპეციალური წოდების მქონე პირებზე, რომლებიც ასრულებენ გარკვეული ტიპის სპეციფიკურ სამუშაოს და ამავე დროს, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სენსიტიურ საქმიანობასთან და ინფორმაციასთან.

ცხადია, ჩვენი სამხედროები იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს და მათ შორის, ფინანსურ წახალისებას, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

LB image desktop LB image mobile