2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს - ჩხენკელი

პუბლიკა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების რეფორმის განსახორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება და 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

თავის პრეზენტაციაში მინისტრმა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით სკოლებში მოსწავლეთა შეფასებისა ალტერნატიული მოდელების შექმნის აუცილებლობას, ბილინგვური განათლების დანერგვას, ასევე, მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების შეთავაზებას გაუსვა ხაზი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების სიღრმისეულად შეფასების საშუალებას იძლევა. სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეფასების ალტერნატიულ მოდელებზე, რომელთა განხილვაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს.

მისივე თქმით,ზოგადი განათლების რეფორმირების პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან. პირველად, ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.