24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე ქართულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 45 000-ზე მეტმა მოქალაქემ გახსნა - IDFI

პუბლიკა

ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ.

ასევე, IDFI წერს, რომ 31 აგვისტოს მდგომარეობით კომერციულ ბანკებში აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, სავარაუდოდ, 60 000-ს აჭარბებს. რადგან ივნისის ბოლოს 58 000-ზე მეტი აქტიური ანგარიში ფიქსირდებოდა, მას შემდეგ კი, რუსეთის 13 000-ზე მეტმა მოქალაქემ გახსნა ახალი ანგარიში.

როგორც IDFI წერს, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.

ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 1.88 მილიარდ ლარს შეადგენს და ომის შემდეგ დეპოზიტებზე განთავსებული თანხები 1.2 მილიარდი ლარით, ანუ 170%-ით გაიზარდა.

„2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების მხოლოდ 26% წარმოადგენს ვადიან დეპოზიტებს, რაც ომამდე პერიოდში 60%-ს აღწევდა;

2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949.8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929.4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, – წერს IDFI.

LB loan image desktop LB loan image mobile