28 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება

პუბლიკა

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება. ინფორმაციას და მუზეუმების ჩამონათვალს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები იმართება, რაც ამა თუ იმ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„მიმდინარე წლის 28 სექტემბერს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება. მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედებს 24 მუზეუმი და სამუზეუმო გაერთიანება და 12 მუზეუმ-ნაკრძალი, “- ამბობენ სამინისტროში.

მუზეუმების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.