„365 დღე საგანგებო მდგომარეობაში!“ - 31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა

პუბლიკა
31 მარტი, ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა.
პანდემიის გამო „ქვიარ ასოციაცია – თემიდას“ გამგეობამ გააუქმა ყოველწლიური ტრანსკონფერენცია და განცხადებით ეხმიანება ტრანსგენდერ ადამიანთა ხილვადობის დღეს.
„ჩვენ უკვე წლებია ვრეკთ განგაშის ზარებს ტრანს ადამიანების სოციალური და ეკონომიკური უფლებების უგულვებელყოფის გამო. განცხადებას ვწერთ, მაშინ როცა მსოფლიო პანდემიის გამო საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
თანამოქალაქენო, წელიწადში 365 დღე ტრანსგენდერი ადამიანები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით ცხოვრობენ! თავისუფლად გადაადგილებას ბევრი ტრანსგენდერი ქალი და კაცი მხოლოდ გვიან საღამოს ახერხებს, მაგრამ დაცულობის განცდა არ გვაქვს არც დღისით და არც ღამით. გავრცელებული სიძულვილის გამო ახლაც, როცა ამ წერილს ვწერთ, ჩვენი მეგობარი, ტრანსგენდერი ქალი სიკვდილს ებრძვის“, – აცხადებს „თემიდა“
ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიო პანედმიამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო სახელმწიფოს სოციალური სერვისების სიმწირე. „თემიდას“ განცხადებით, უკვე ნათელია ვის დააზიანებს ეს ვირუსი ყველაზე მეტად – ღარიბ მოსახლეობას და გარიყულ ჯგუფებს, ვისთვისაც უსახლკარობა, უმუშევრობა და სიღარიბე ყოველდღიურობაა.

„სწორედ ამიტომ ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნას სახელმწიფოს მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შესახებ“.

„თემიდას“ განცხადებით, დემოკრატიულმა სახელმწიფომ უნდა უზრუვნელყოს თავშესაფარი მისი ყველა მოქალაქისათვის. მედიისა და ფართო საზოგადოების ყურადღებას საჭიროებს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა, რათა სახელმწიფომ ჯეროვნად შეასრულოს საკუთარი მოვალეობანი. არავის უნდა მიეცეს უფლება ამ რთულ პერიოდში იძულებით გამოასახლონ ადამიანები ვალების გამო სახლებიდან.

„სახელმწიფომ უნდა მოახდინოს უსახლკარობის პრევენცია და შეიქმნას უფრო მეტი თავშესაფარი. უნდა შეიმუშავდეს საყოველთაო კრიტერიუმები და პროგრამა მოქალაქეთა ქირით უზრუნველყოფისათვის. ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე ამ პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისას კი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები“

ორგანიზაცია აცხადებს, რომ არსებული ტრანსფობიური გარემოს გამო ოჯახები ხშირად ძალადობენ ან უარყოფენ ტრანსგენდერ პირებს. ოჯახში ძალადობას ეს განზომილებაც აქვს და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს როგორც ამ ძალადობის პრევენცია ასევე შესაბამისი სერვისებით მხარდაჭერა.

„პანდემიის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. დისკრიმინაცია ჩვენი კანონმდებლობით დაუშვებელია, თუმცა პრაქტიკა საპირისპიროს მეტყველებს. სწორედ ამიტომ მეტი ეფექტურობით უნდა აღსრულდეს შესაბამისი კანონმდებლობა. ასევე ყველა გადაწყვეტილებებში მაქსიმალურად უნდა მოხდეს ტრანსგენდერი ადამიანების ჩართვა. “არაფერი ჩვენს გარეშე, ჩვენ შესახებ!“

„თემიდა“ აცხადებს, რომ ამ დრომდე სქესის სამართლებრივი აღიარებაზე სახელმწიფო პრაქტიკულად არ დგამს არანაირ ნაბიჯს. შესაბამისად ეს გამორიცხავს უამრავ ტრანს* ადამიანს საყოველთაო სიკეთეების მიღებიდან. „ამიტომ ვითხოვთ ამ საკითხის განხილვასა და მხარდაჭერას ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან“.
„თემიდა“ ასევე ითხოვს პანედმიაზე რეაგირებისთვის ქვიარ სათემო ორგანიზაციების ჩართულობას ყველა დონეზე, რათა ვირუსისგან მიყენებული ზიანი შემცირდეს და დაგეგმილი ღონისძიებებში გათვალისწინებული იყოს ტრანს* ადამიანების საჭიროებები.