„50 წლის ანზორ ჩუბინიძე მაშინდელი ანზორ ჩუბინიძის ქმედებაში არავითარ შესწორებას არ შევიტანდი“ - ჩუბინიძე

პუბლიკა

სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი მოდელირებულია.

როგორც ანზორ ჩუბინიძე იხსენებს, 2010-2011 წლებში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადებდა, ხშირი იყო მუქარა მისი ოჯახის წევრების, უფრო კონკრეტულად კი ბერა ივანიშვილის მიმართ. მაშინ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მისი უშუალო ვალდებულება იყო, ჩართულიყო საქმეში და შეემოწმებინა, საფრთხე რამდენად რეალური იყო.

„რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. მოვახდინე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად და მედიატორის როლიც კი იკისრა ახალგაზრდებთან. იგივე მშობელი ჩვენ დაგვეხმარა და გაგვიყვანა კონტაქტზე შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს.“ – ამბობს ანზორ ჩუბინიძე.

მისი თქმით, 10 წლის წინანდელ მოქმედებებში ის დანაშაულს ვერ ხედავს და დღევანდელი გადასახედიდან წარსულის დროინდელ  ქმედებებში ცვლილებებს არ შეიტანდა.

„მე 50 წლის ანზორ ჩუბინიძე დღეს ვიტყოდი, რომ 40 წლის მაშინდელი ანზორ ჩუბინიძის ქმედებაში არავითარ შესწორებას არ შევიტანდი. რა ხდება პარალელურად სიუჟეტში, რომელიც წარმოგვიდგინა ერთ-ერთმა ტელეარხმა. 2010- 2011 წელს განხორციელებული სატელეფონო ჩანაწერებზე დაყრდნობით ვიხილეთ სიუჟეტი, რომელიც დამძიმებული იყო უხვად ფოტო-ვიდეო მასალით. იყო დიდი მცდელობა იმისა, რომ სიუჟეტი გადმოეტანათ 2010-2011 წლიდან 2016-2017 წლისთვის. დიდი მცდელობა იყო, რომ მოქმედი პრემიერი და ჩინოსანი ჩუბინიძე დაედანაშაულებინათ აბსურდულ ბრალდებაში, რომ ავიწროებენ ახალგაზრდებს.“ – ამბობს ჩუბინიძე.

მისივე თქმით, ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, ვინც მას ძალადობაში დაადანაშაულებს და რომ დანაშაულებრივი მათ ქმედებებში არაფერი ყოფილა და დანაშაული ფარული მიყურადება და უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გავრცელებაა.

„ბუნებაში არ არსებობს ახალგაზრდა და გინდა, ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც ანზორ ჩუბინიძეს რაიმე ტიპის ქმედება აქვს განხორციელებული. სად არის დანაშაული? ვინ არის დაზარალებული? არ არსებობს ხომ? და რა რჩება სიუჟეტს? სამ ახლობელს შორის უკანონოდ მოპოვებული საუბრის ჩანაწერები და მოდელირებული ფორმით მისი წარმოდგენა საზოგადოების წინაშე. ჩანაწერები, რომელიც უკანონოდ იყო მოპოვებული 2010-2011 წელს სამი ადამიანის. დანაშაული არის მისი უკანონო მოპოვება, შენახვა, მოდელირება და გავრცელება. აქ კი ნამდვილად ვხედავ დანაშაულის ნიშნებს.“ – ამბობს ჩუბინიძე.