55+ ასაკის პედაგოგები საზოგადოებისთვის ცნობილმა ექიმებმა აცრეს

პუბლიკა

დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებლები საზოგადოებისთვის ცნობილმა ექიმებმა აცრეს.

განათლების სამინისტროს ცნობით, საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები მზად არიან, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესში მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ.

„მასწავლებლების მხრიდან ვაქცინაციის პროცესში ნებაყოფლობითი ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია მათი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისათვის“, – განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა იმ სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რაც მათ გამოიჩინეს და აღნიშნა, რომ თბილისსა და რეგიონებში მასწავლებელთა იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც სკოლაში უსაფრთხო გარემოს განაპირობებს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ბავშებისთვის და პედაგოგებისთვის უსაფრთხო იყოს. მინისტრმა 55 წელს ზემოთ მყოფ მასწავლებლებს თხოვნით მიმართა, გააქტიურდნენ და იმუნიზაციის გზით შექმნან უსაფრთხო სასწავლო გარემო.

მიხეილ ჩხენკელმა და ეკატერინე ტიკარაძემ თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ სთხოვეს, ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები. მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების დროს გაწეული ფასდაუდებელი ძალისხმევისათვის.

თავის მხრივ, ამ აქციაში ჩართვით მასწავლებლები საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ სწორედ ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის ერთადერთი გზა.