600-ლარიანი დახმარება შშმ პირების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

პუბლიკა

ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიზნობრივი დახმარების პროგრამის შესახებ პრეზენტაციას მართავს. მისი თქმით, 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე შშმ პირები.

სოციალურად დაუცველები

„ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 ათასსა და 100 ათასს შორის… სახელმწიფო უკვე ეხმარება იმ ოჯახების ჯგუფს, რომლებსაც აქვთ 65 ათას ქულამდე, მაგრამ ყურადღების მიღმაა დატოვებული 65 ათასიდან 100 ათასამდე ქულის მქონე ოჯახები, რომლებსაც ვეხმარებით მრავალშვილიანობისა და არასრულწლოვნების ყოლის პირობებში, თუმცა ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმაროთ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით და ეს არის საქართველოში 70 ათასი ოჯახი და დაახლოებით 190 ათასი მოქალაქე“, – განაცხადა გახარიამ

მრავალშვილიანი ოჯახები

„გარდა ამისა ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასამდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი სახელმწიფო დაეხმარება 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობით, ასეთი ოჯახი დღეს საქართველოში არის 21 ათასი ოჯახი და მოიცავს 130 ათას მოქალაქეს“, – განაცხადა პრემიერმა

შშმ პირები

„მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშები ასევე ისარგებლებენ 600 ლარის დახმარებით. ასეთი 40 ათასი მოქალაქე გვყავს“, – განაცხადა გახარიამ.