დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში შემოსულ ყველა ტურისტს უარყოფითი PCR-ტესტის პასუხთან ერთად უნდა ჰქონდეს კოვიდდაზღვევა.
მისი თქმით, ტურისტული კომპანიები გაფრთხილებულები არიან, რომ ტურისტს ჯანმრთელობის დაზღვევაში ჰქონდეს კოვიდდაზღვევის კომპონენტიც. ეს საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი დაზღვევით ისარგებლოს და დაზღვევამ დაფაროს მკურნალობის ხარჯი.
„შემოსული ტურისტებისთვის აუცილებელია, ნეგატიური PCR-ტესტის არსებობა ბოლო 72 საათის განმავლობაში. დღეს იქნება ახალი დადგენილება ცნობილი, რომელშიც გაწერილი იქნება რეგულაციები. თუ შემოდის ორჯერ აცრილი ადამიანი, მას მაინც სჭირდება ნეგატიური PCR ტესტი; თუ შემოდის მხოლოდ ნეგატიური ტესტით, მაშინ იმ ადამიანმა შემდგომი 72 საათის განმავლობაში თავისი ხარჯით უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი. მას საზღვარზე მიეცემა შესაბამისი ლაბორატორიების ჩამონათვალი, სადაც შეუძლია ჩაიტარონ PCR ტესტი. გასვლისას ჰქონდეთ შესაბამისი საბუთი, რომ მეორე PCR 72 საათში იყო უარყოფითი.
… თუ შემოსულ ტურისტს დაუდასტურდება კოვიდი, ყველა ტურისტული კომპანია თავის პარტნიორებს აფრთხილებს, რომ ყველა ტურისტი უნდა იყოს შესაბამისად დაზღვეული. დაზღვევის ბარათში იქნება სწორედ კოვიდდაზღვევის კომპონენტიც, შესაბამისად, თუ დასჭირდა საქართველოში მკურნალობა, უნდა აანაზღაუროს ეს მკურნალობა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წარდგენილი აქვს შესაბამისი ცვლილებები დადგენილებებსა და კანონმდებლობაში და მას მიღებენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.