ელისო ჯანაშიას თქმით, ფოთში მასზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება მის წინააღმდეგ შეაბრუნეს

პუბლიკა

ფოთელი ჟურნალისტი და სოციალური საწარმო „ლიმენის“ დამფუძნებელი ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს მასზე თავდასხმის საქმე „მის წინააღმდეგ შეაბრუნეს“ – საქმეზე გამოძიება ორ ნაწილად გაიყო და ახლა გამომძიებელი მას დაკითხვაზე იბარებს – ჯანაშიას თქმით, გამოძიება მის მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებს მის წინააღმდეგ იყენებს.

„ვისაც „ლიმენაში“ ჩემზე თავდასხმის საქმე გახსოვთ და გაინტერესებთ, დაისაჯა თუ არა თავდამსხმელი: არა და ახლა აქეთ მიპირებენ საქმის შემოტრიალებას, თითქოს მე დავსხმივარ თავს!“ – წერს ელისო ჯანაშია.

მისი თქმით, „გამომძიებელი რამდენიმე დღეა ურეკავს და დაკითხვაზე მისვლას სთხოვს, თუმცა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფება“.

„როგორც გავარკვიე, საქმე ორად გაიყო: ერთში, თითქოს ჩემზე თავდასხმას იძიებენ, მეორეში – თითქოს მე იქეთ დავესხი თავს. ანუ ჩემს მიერ თავდაცვა ახლა ჩემ წინააღმდეგ შემოაბრუნეს“, – წერს ელისო ჯანაშია.

ის ამბობს იმასაც, რომ თავდასხმა 2024 წლის 23 დეკემბერს მოხდა და თითქმის ორი წლის შემდეგ მას თავის მართლება უწევს იმის გამო, რომ თავდამსხმელისგან თავს იცავდა.

„ისე კი ვხუმრობდი, აქეთ არ მომედავებოდნენ და არაფერი მინდა-მეთქი! ამ აბსურდის ქვეყანაში, გასაკვირი რაა?! თავდასხმა 2024 წლის 23 დეკემბერს მოხდა. მალე ორი წელი გავა. და რა მივიღეთ? მე მიწევს იმის ახსნა, თავს რატომ ვიცავდი“, – აღნიშნავს ის.

ჯანაშიას განცხადებით, საქმეს კიდევ ერთი გარემოება ახლავს: მისი თქმით, თავდასხმიდან რამდენიმე თვეში ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მასზე თავდასხმაში დადანაშაულებული ქალი საარჩევნო კამპანიაში ჩართო და მასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

„როცა ჩემზე თავდამსხმელი ფოთის მერმა საარჩევნო კამპანიაში გვერდით დაიყენა, ჩემთვის ეს მკაფიო გზავნილი იყო და კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, ვისგან შეიძლებოდა წამოსულიყო დაკვეთა. გამოძიებას ამაზე კითხვები აქვს? არ აქვს. მე მაქვს!“ – წერს ჯანაშია.

ის შესაძლო კავშირს ხედავს ასევე საკუთარ ჟურნალისტურ საქმიანობასა და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას შორის. ჯანაშიას თქმით, მას შემდეგ, რაც ფოთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ქონებისა და შესაძლო კორუფციული კავშირების შესწავლა დაიწყო და ამ საკითხებზე გააქტიურდა, მას გამომძიებელმა დაურეკა.

„ალბათ, მეც უნდა ამკრძალონ. ვერცერთ პარტიას ვერ მიმაკუთვნეს და რაღაცას წვალობენ. ახლა, როცა ფოთელი ქოცების ქონებისა და შესაძლო კორუფციული კავშირების შესწავლა დავიწყე და გავაქტიურდი, გამომძიებელი მე მირეკავს. ამ ამბების კავშირის ადვილად საპოვნელია, თუ ვაჭარაძის და ჩემზე თავდამსხმელის გაბადრულ ფოტოს გავიხსენებთ“, – აცხადებს ჟურნალისტი.

2024 წლის 23 დეკემბერს ფოთელმა ჟურნალისტმა და სოციალური საწარმო „ლიმენის“ დამფუძნებელმა ელისო ჯანაშიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი კულონავა თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯანაშიამ „რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ კულონავამ თმა ააგლიჯა და სკალპი დაუზიანა. ჟურნალისტს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ჯანაშიას მონათხრობის თანახმად, კულონავა ოფისში მიზანმიმართულად მივიდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ სოციალური საწარმო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით იყო დაფუძნებული.