ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ვერა კუპატაძე, ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ უცნობი ადამიანი დაუკავშირდა და დაემუქრა.
ვერა კუპატაძეს რამდენიმე დღეა, პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. მისი თქმით, მას პროტესტის შეწყვეტის მიზნით დაემუქრნენ და გასაჩუმებლად „მიუგზავნეს ადამიანი“.
როგორც ვერა კუპატაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, მას უცნობმა უთხრა, რომ მისი ოჯახის წინააღმდეგ მზადდებოდა დოკუმენტაცია.
„ითითხნებოდა რაღაცა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ… კონკრეტულად ასე მითხრა, მზადდება დოკუმენტაცია შენი ოჯახის წინაააღმდეგო, თუ არ გაჩერდებიო. მაშინვე, დავურეკე პოლიციას. ვუთხარი ყველაფერი. ნომერიც ჩავაწერინე.
მე არ ვიცი, ვისი წარმომადგენელი იყო, მაგრამ ვიცი, ვიღაც იყო მოგზავნილი, რომ პროტესტი შემეწყვიტა“, – ამბობს ვერა კუპატაძე.
ჩანაწერში, რომელიც „პუბლიკას“ OC Media-მ მიაწოდა, ჩანს, როგორ ესაუბრება ვერა კუპატაძე მისთვის უცნობ ადამიანს. ჩანაწერში ისმის კაცის ხმა, რომელიც ამბობს:
„ [ვინ ვარ] არ აქვს ახლა ამ წუთში მაგას არსებითი მნიშვნელობა. როგორც გითხარით, თქვენი ოჯახის წევრს, კონკრეტულად თქვენს რძალს, მაგას და ერთ-ერთ პირამოკერილ პიროვნებას ეხება ეს ბილწი საქციელები და თუ დაინტერესდებით, დაგიმტკიცებთ მაგას”.
„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
30 მაისს შუქრუთელების პროტესტმა თბილისში გადმოინაცვლა. 8 ადამიანი დღემდე ამერიკის საელჩოსთანაა. ნაწილი მათგანი შიმშილობს, ნაწილს კი პირი აქვს მოკერილი. ისინი სახეწლმიფოსგან ყურადღებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკების ყველა რესურის ამოწურულია. ისინი მოითხოვენ ადეკვატურ კომპენსაციას, მანამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.