„ბასიანზე" დაჭრაში ბრალდებული: იმ დღეს სანადიროდ უნდა წავსულიყავი

პუბლიკა

„არსად მიმალვას არ ვაპირებ. სახლში 80 წლის მამა მყავს. არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე. იმ დღეს სანადიროდ უნდა წავსულიყავი, რაც მიპოვეს, ჩემი კუთვნილი სანადირო ინვეტარია, ძაღლიც მყავდა დაკავების დროს”, – ამის შესახებ კლუბ „ბასიანთან” 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულმა ბიძინა ჩაჩხიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სასამართლო დღეს ჩაჩხიანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

„ყველაფრის რისკი არსებობს, რომ ადამიანმა რამე გააკეთოს. არსებობს რაღაცეები, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ახლა ისეთი მდგომარეობა მაქვს სახლშიც, რომ არსად მიმალვას არ ვაპირებ. ბავშვებს რომ ვნახავ, ბოდიშს მოვუხდი, იმათ საერთოდ არაფერს ვერჩოდი, საერთოდ არ დამინახავს”, – განაცხადა ბრალდებულმა ჩაჩხიანმა.


კლუბ „ბასიანის“ 3 თანამშრომლის დაჭრისთვის ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით წარედგინა.

12 იანვარს დაახლოებით 02:30 საათზე BASSIANI-ის შესასვლელთან რამდენჯერმე გაისროლეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა.

„კლუბის ტერიტორიაზე არტისტის მოსაწვევით შემოსულმა და რამდენიმე წუთში კლუბის წესების დარღვევის გამო, ყოველგვარი კონფლიქტის, სიტყვიერი თუ ფიზიკური დაპირისპირების გარეშე გაძევებულმა პირმა, მთელი ქალაქის გავლით სახლიდან მოიტანა 12 კალიბრიანი ავტომატური სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და კლუბის გარე პერიმეტრზე 15-ჯერ გაისროლა”, – წერს facebook-ზე „ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.