„რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან” საუბრისას ნამახვანჰესთან დაკავშირებით მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვას ეხმაურება.
როგორც ის ამბობს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის შესაბამისმა ორგანიზაციამ პროცესში ჩასართავად ის პირობები დააყენა, რომლებიც მათაც ჰქონდათ დიალოგის დასაწყებად.
„ჩვენთვის აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათაც დააყენეს ის პირობები მედიაციის პროცესის დასაწყებად, რაც ჩვენც დავაყენეთ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებას ვუთხარით, რომ თუკი შესრულდებოდა პირობები – ბარიკადის აღება, პოლიციის გასვლა, სამუშაოების შეწყვეტა, ამ შემთხვევაში დავსხდებოდით დიალოგის მაგიდასთან, გაიწერებოდა კალენდარი სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ და იქ უნდა გადაწყვეტილიყო ჰესის აშენება-არაშენების საკითხი.
ყველამ იცის, რომ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდა, გვითხრეს ცალსახა უარი ამ პირობების დაკმაყოფილებაზე და გაგრძელდა სამუშაო პროცესი, რეპრესიებიც გაგრძელდა. ამიტომ ჩვენ წავედით ფართომასშტაბიანი აქციების გზით.
ხელისუფლება ისევ იგნორირებას უწევს ჩვენს სახალხო პროტესტს. ამის შემდგომ, როდესაც მათ მედიაციისთვის მიმართეს ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას, იმ ხალხმაც მოითხოვა ამ პირობების შესრულება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვაინტერესებს ამაზე რა პოზიცია ექნება ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე ველოდებით შაბათ დღეს, როგორ გადაწყდება ეს საკითხი”, – ამბობს გოლეთიანი.
მისივე ინფორმაციით, დიალოგის პროცესის დასაწყებად ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით დაიწერება დასკვნაც, რაც საბოლოო ჯამში ზეგავლენას მოახდენს პროცესზე.
„დასკვნა დაიწერება, თუ უარი იქნება იმ ხალხისთვისაც ნათქვამი, მაშინ შესაბამისს დასკვნას დადებენ, ხოლო თუ დაკმაყოფილდება ეს პირობები, შეჩერდება სამუშაო პროცესი და გაგრძელდება შესწავლა მიმდინარე პროცესის. ამიტომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
თუ არ შესრულდება [პირობები], შესაბამისი დასკვნა დაიწერება და ამას უკვე მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს პროცესზე. ანუ ორივე შემთხვევაში [ზეგავლენა ექნება პროცესზე] – თუ შესრულდება პირობები, შემდგომ პროცესებში მივიღებთ მონაწილეობას; თუ არ შესრულდება, დაიდება შესაბამისი დასკვნა, რომელსაც აუცილებლად ექნება ზეგავლენა მიმდინარე პროცესზე”, – ამბობს გოლეთიანი.
როგორც ის აცხადებს, პირადად მათაც ჰქონდათ კომუნიკაცია ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ აქვთ ესა და ეს პირობები მედიაციის პროცესში ჩასართავად.
„დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენც გვაქვს ეს პირობები იმისთვის, რომ ჩავერთოთ პროცესში. ამიტომ ვღებულობთ ჩვენ მონაწილეობას, ვინაიდან ვიცით, რომ ეს პირობებია დაყენებული. ეს რომ იყოს დიალოგი დიალოგისთვის და მორიგი არაფრისმომცემი შეხვედრა, არ ჩავერთვებით, ბუნებრივია”, – ამბობს გოლეთიანი.