„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტთან საპროტესტო აქციით ხვდებიან

პუბლიკა

დღეს, 8 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში სამუშაოდ პირველად მივა.

7-თვიანი ბოიკოტის შეწყვეტის შემდეგ საარჩევნო ბლოკი საკანონმდებლო ორგანოში 32 დეპუტატით შედის. შეიქმნა „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე დიდი ფრაქციაც, რომლის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იქნება.

ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლას სამოქალაქო აქტივისტები ბანერებით და საყვირებით აპროტესტებენ. ნიკა მელიას განცხადების შესახსენებლად მათ საკანონმდებლო ორგანოსთან „პუფებიც“ მიიტანეს და აპირებენ, ჰკითხონ ენმ-ს ლიდერს, ისევ ფიქრობს თუ არა, რომ პარლამენტში ვინც შედის „არის პუფი“.

მათი განცხადებით, ენმ-ს წევრებს პარლამენტში შესვლა „სირცხვილის კორიდორის“ გავლით მოუწევთ.

აქტივისტების თქმით, ენმ-ს ბლოკის წევრებმა გადაუხვიეს თავიანთ პრინციპებს.

ბლოკმა „ენმ – ძალა ერთობაშია“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. ისინი მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, თუმცა, მათი თქმით, არლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით კომფორტის ზონას არ დაუტოვებს „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს.