18 წლის ზევით მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა შენარჩუნდება - გაბუნია ახალ ვაქცინებზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინა შემოვა, ვაქცინაციის პროცესში 18 წელს ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა შენარჩუნდება. მისი თქმით, გამონაკლისია მხოლოდ „ასტრაზენეკა”, ვინაიდან ამ შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრულია ჯანმოს მიერ.

„ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზევით ყველა მოქალაქისთვის და ეს ასევე დარჩება, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, Novavax იქნება ეს, Pfizer თუ სხვა. ანუ, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა შენარჩუნდება.

რაც შეეხება შეზღუდვას, ის შეეხება მხოლოდ ასტრაზენეკას, რომელიც 45 წელს ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული. რაც ჯერჯერობით ასევე დარჩება, თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნა მოწოდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ”, – განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინების მიღების ვადებს, გაბუნია ამბობს, როდესაც ცნობილი იქნება კონკრეტული ვადები, საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს.

„რაც შეეხება Pfizer-თან მუშაობის დეტალებს, მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია. მეორე ეტაპზე ვმუშაობთ, მოკლე ხანში გეტყვით ზუსტ ვადებს. დეტალები არის გაუთქმელობის შეთანხმების ნაწილი…

ივნისში ჩვენ ასტაზენეკას 43 000 დოზას ველოდებით, მისაღები გვაქვს COVAX-ის პლატფორმიდან. რაც შეეხება დანარჩენი ვაქცინების მოწოდების ვადებსა და დოზებს, როგორც კი გვექნება ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი”, – ამბობს გაბუნია.