ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩატარებული კვლევით, თბილისის მოსახლეობის 33%-ს კორონავირუსი აქვს გადატანილი.
„დაახლოებით, 860 ათასი ადამიანია თბილისში მოზრდილი მოსახლეობა. არა, მოზრდილი მოსახლეობა არა, მთლიანი მოსახლეობა. 11%-ს ოფიციალურად აქვს გადატანილი ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი. ეს არის, დაახლოებით, 110 ათასი. ანუ 110 ათას ადამიანს თბილისში გადატანილი აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი.
220 ათასმა ადამიანმა, ეს არის 23%, არ იცოდა, რომ გადატანილი აქვთ კოვიდი, მაგრამ აღმოაჩნდათ ანტისხეულები სისხლში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კოვიდი გადაიტანეს ისე, რომ არ იცოდნენ.
სულ თბილისის მასშტაბით კოვიდი გადატანილი აქვს 33%-ს მოსახლეობისას, ეს არის, დაახლოებით, 350 ათასი, ოღონდ ეს ლაპარაკია თბილისზე. დაახლოებით ასეთი პროპორციებით იქნება ქვეყნის მასშტაბითაც.
ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც მივაღწევთ ვაქცინირებული მოსახლეობის 65%-ს, ეს 350 ათასი დაემატება და ჩვენ დავამთავრებთ პანდემიას, გავუმკლავდებით, დავძლევთ პანდემიას. წლის ბოლოსთვის საქართველოში პანდემია დაძლეული იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.