ნინოწმინდის პანსიონზე პროპაგანდისტული შტურმი ლგბტ კვირეულთანაა კავშირში - ჯაღმაიძე

პუბლიკა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონში ბავშთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ მოკვლევას, ივლისში დაგეგმილ „ღირსების მარშს“ უკავშირებს.

„ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან.

ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

ნინოწმინდის პანსიონში, რომლის ხელმძღვანელიც სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონია, ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბარი სახალხო დამცველმა დაიწყო. ომბუდსმენის ოფისმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში არ უშვებდნენ.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.

2 ივნისს კი ომბუდსმენმა გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

5 ივნისს სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.