სტელა გიბსონის კრიმინალურ-ფემინისტური ქრონიკები

ნიკოლას გელოვანი

გამოცდილი დეტექტივი, სუპერინტენდანტი სტელა გიბსონი, ლონდონიდან ბელფასტში მიემგზავრება, რათა იქაურ პოლიციას დაეხმაროს იმ ჩახლართული და ბუნდოვანი საქმის გახსნაში, თავსატეხად რომ ქცევია ყველას. გამომძიებელი თავიდანვე იჩენს წვდომის გასაოცარ უნარს, რაციონალიზმსა და მიხვედრილობას; ამ მკვლელობას აკავშირებს ერთ ძველ საქმესთან, რადგან ეცნობა ხელწერა. მისმა კოლეგებმა ვერ შეძლეს ამ ორ შემთხვევას შორის კავშირის აღმოჩენა.

სტელა პირველივე სერიაში ხვდება, რომ მიზოგინი მკვლელი საერთო ნიშნით არჩევს მსხვერპლს; მიზანში იღებს მხოლოდ წარმატებულ, კარიერისტ ქალებს, რომელთაც ან არ ჰყავთ შვილები, ან არ უნდათ, რომ ჰყავდეთ, ან ჰყავთ, მაგრამ ყურადღებას არ (ვერ) აქცევენ პროფესიული ცხოვრების გამო.

მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ დეტექტივი ფეხდაფეხ მისდევს მკვლელს, ნიღაბს ხსნის, თითქოს აშიშვლებს მის გონებას და ააშკარავებს მკვლელობათა მოტივს. იმიტომ უადვილდება მისი ფსიქოპორტრეტის ხატვა, რომ საკუთარ სრულ ანტიპოდთან აქვს საქმე – თავად ფემინისტია, დამნაშავე კი – ქალთმოძულე.

სწორედ სტელა აღმოჩნდება პირველი გამომძიებელი, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს მსხვერპლთა ფრჩხილებზე წასმულ მუქ წითელ ლაქზე. თანამშრომელი კაცებისაგან განსხვავებით, გაიაზრებს, რომ მკვლელი ვუაიერისტია, სურათებს უღებს დახოცილ ქალებს და საკუთარ პორნოგრაფიულ სამყაროს ქმნის. ისე ეპყრობა მოკლულებს, როგორც ნივთებს, თოჯინებს, მარიონეტებს; ხელ-ფეხს უკრავს, საკიდარზე ჰკიდებს, ჰბანს, ტანსაცმელს უცვლის და ა.შ.. ხარობს ამ სანახაობით; სიამოვნებას ჰგვრის იმის გაცნობიერება, რომ ყველაფერს აკონტროლებს; თვითონ წყვეტს, ვინ რამდენ ხანს იცოცხლებს, ვინ იმსახურებს სიკვდილს და ვინაა ამქვეყნად ყოფნის ღირსი; სანამ დაახრჩობს, მრავალჯერ უშვებს ხელს, კვლავ უჭერს ყელზე, ისევ უშვებს… ამას სჩადის იმისათვის, რათა იგრძნოს, რომ მთლიანად მასზეა დამოკიდებული უმწეო მსხვერპლის სიცოცხლე. სტელა ხვდება, რომ მკვლელს აღაგზნებს მოკლულებთან სიახლოვე; რომ, როცა მათი ცხედრები მის განკარგულებაშია, გრძნობს, რაოდენ დიდ ძალაუფლებას ფლობს, როგორ უპყრია ხელთ სადავენი.

დეტექტივი ყველაზე კარგად სწვდება მის შინაგან სამყაროს. სურს, მკვლელს მიანიშნოს, რომ იმაზე კარგად იცნობს მის ფსიქოტიპსა და ბუნებას, ვიდრე თავად წარმოუდგენია. ამიტომაც, როცა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსასვლელად ემზადება, მუქ წითელ ლაქს წაისვამს ფრჩხილებზე. იცის, მკვლელი რომ ადევნებს თვალს და უთუოდ შეამჩნევს ამ მნიშვნელოვან დეტალს. არ ეშინია მასთან დაპირისპირების, მკვლელი კი ჩრდილში დგას, ლაჩრულად იმალება. ეს ერთგვარი გამოწვევაა სტელას მხრიდან.

სწორედ გიბსონია ის, ვინც იტყვის, რომ მკვლელი არ არის ასოციალური, დუჟმომდგარი ბომჟი, შეურაცხადი და მონსტრი. ამტკიცებს, რომ მამაკაცია, ჩვეულებრივი მამაკაცი, წარმატებული, შეძლებული, თანაც მოსიყვარულე ქმარი და მზრუნველი მამა; ჩინებული საზოგადოებრივი მდგომარეობაც აქვს და პრესტიჟით, ავტორიტეტითა და ბრწყინვალე იმიჯით სარგებლობს სოციუმში. გიბსონი თავიდანვე აცამტვერებს იმ მითს, რომლის თანახმადაც, მკვლელი აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებისაგან გარიყული, მოძულებული, „აუტსაიდერი“, მარგინალი და განდევნილი. პირიქით: ამკვიდრებს იმ აზრს, რომ არა აქვთ საქმე ასეთი ყაიდის კაცთან. ეს მკვლელი ასოციალური ბომჟისა და სოციოფობის საპირისპირო ვერსიაა.

გიბსონი მოითხოვს, მკვლელობის შესახებ მომზადებული ტექსტიდან ამოიღონ ეს სიტყვები: „უბიწო მსხვერპლნი”. აი, ასე ხსნის ამის მიზეზს: რა საჭიროა უმანკოებისა და უცოდველობის ხაზგასმა? სერიულმა მკვლელმა რომ ან მეძავი, ან შუაღამისას შინისაკენ მიმავალი, ან უგონოდ მთვრალი, ან მეტისმეტად მოკლე და „გამომწვევ“ კაბაში გამოწყობილი ქალები დახოცოს, გამართლებული ხომ არ იქნება მისი საქციელი? ამ შემთხვევაში, ნაკლებად „უცოდველნი“ და „უმანკონი“ ხომ არ იქნებიან ის ქალები? ამით ხომ არ მიანიშნებთ საზოგადოებას, რომ იმსახურებდნენ ასეთ მოპყრობას? მისი თქმით, მედიას ისედაც უყვარს ქალების კატეგორიებად დაყოფა, წმინდანებად და გარყვნილებად, ქალწულებად და ვამპირებად, უმანკოებად და მეძავებად გამიჯვნა, მათ „უწესო” საქციელზე ხაზგასმა, მკვლელობის მიზეზის ძებნა მათში და დანაშაულის ირიბი გამართლება. ამიტომაც, არაა საჭირო ასეთი უნებლიე თუ შეგნებული მიზოგინიის წახალისება.

სტელა მოღვაწეობს მკვეთრად სექსისტურ და ფემინოფობიურ კულტურაში; ტრიალებს იმ გარემოში, სადაც მამაკაცები დომინირებენ; სადაც ქალს არ აღიქვამენ სერიოზულად; სადაც მიაჩნიათ, რომ გამომძიებლობას კაცის ტვინი და „მამაკაცური მსოფლმხედველობა” სჭირდება; სადაც ქალს მუჯლუგუნებით უწევს გზის გაკაფვა და თავისი მოსაზრებების გატანა.

ყოველივე ამის ფონზე, ძალზე შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ სწორედ სტელა ჩასწვდა ყველაზე კარგად მკვლელობათა არსს, დამნაშავის ფსიქიკაში ჩაბუდებულ ფობიებს, ლტოლვებს, მისწრაფებებსა და ჟინს; შეიცნო მისი ბუნება. ნევროზებისა და შიშების ამ გაუვალ ლაბირინთში მოხვედრილი გამომძიებელი ბრწყინვალედ აგვირგვინებს ცივსისხლიანი კაცის, სადისტისა და ფსიქოპათის პორტრეტის ხატვას.

გამომძიებელთა სამყაროში გაბატონებული პატრიარქალურ-სექსისტური დამოკიდებულება ჩინებულადაა ასახული იმ ეპიზოდში, რომელშიც ნაჩვენებია სტელას ხანმოკლე ეროტიკული თავგადასავალი. როგორც მაყურებელმა ნახა, ამ ქალს მოეწონა დეტექტივი და გადაწყვიტა, ერთი ღამე გაეტარებინა მასთან ერთად. იცოდა, რა უნდოდა, რას ელოდა და რას ითხოვდა. ნათლად ჰქონდა გააზრებული, რომ ეს მხოლოდ ერთი ღამის კავშირი იქნებოდა და სხვა არაფერი.

როცა იმ დეტექტივ კაცს მოკლულს იპოვიან, ტრადიციული „Slut-shaming“ გაჩაღდება საგამოძიებო ორგანოში. დეტექტივებს მკვლელის ვინაობის დადგენაზე მეტად სურთ სტელას თეთრეულსა და პირად ცხოვრებაში ქექვა, მისი დამუნათება, შერცხვენა, მორალისტურად გაკიცხვა. იგი წერტილს დაუსვამს ამ მცდელობას და ხმას ჩააწყვეტინებს პატრიარქატის დამქაშებს: „აი, სწორედ ესაა ის, რაც შენ ნამდვილად გაწუხებს – ერთი ღამის გართობა. ხომ ასეა? ხომ მართალი ვარ? როცა თქვენ, კაცები, ამბობთ: „კაცი ხმარობს ქალს“, მამაკაცი სუბიექტია, ქალი კი ობიექტი, ნივთი. ამ შემთხვევაში, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როცა ქალი ხმარობს კაცს, ქალია სუბიექტი, კაცი კი ობიექტი და ეს არცთუ ისე სასიამოვნოა თქვენთვის, არა?“

სტელას ღრმააზროვანი მონოლოგები (როცა მკვლელის ფსიქიკის შესახებ მსჯელობს) ფსიქოანალიზის სეანსებადაც კი უნდა მივიჩნიოთ.

როდესაც მკვლელი მის პირად დღიურს მოიპარავს, ორივე აშიშვლებს ერთმანეთის ფსიქოტიპს. თითქოს უტყვი, უხმო დიალოგია გაბმული მათ შორის. როგორც აღმოჩნდება, მკვლელს ოიდიპოსის კომპლექსი ჰქონდა, დეტექტივს – ელექტრასი. მკვლელმა თვითმკვლელობა ვერ აპატია დედას (ამბობს კიდეც, მისი ჩემდამი სიყვარული არ აღმოჩნდა საკმარისი, მაინც მოისწრაფა სიცოცხლეო), გამომძიებელმა კი ნაადრევი სიკვდილი ვერ მიუტევა მამას. მიზოგინი მკვლელი ფემინისტი სტელას ანტიპოდი და, ამავდროულად, რევერსული ვარიანტია.

როცა მკვლელი მძიმედ დაიჭრება, თავგანწირვით იბრძვის მის გადასარჩენად. ყოველნაირად ცდილობს, სიცოცხლე შეუნარჩუნოს, რადგან, მისი თქმით, სიკვდილი მეტისმეტად მსუბუქი სასჯელი იქნება პოლ სპექტორისათვის. გიბსონს სურს, ამ კაცმა პასუხი აგოს, წარდგეს სასამართლოს წინაშე, დაეკისროს დამსახურებული სასჯელი და დაიტანჯოს. ფიონა გალაჰერის, ელის მონროს, სარა ქეის, ენი ბროულის, ჯოზეფ ბრეილის, როუზ სტეგისა და სხვათა (სასიკვდილოდ გამეტებულთა) სახელით უნდა აღსრულდეს სამართალი.

„არც კი იცი, რაოდენ კარგად გიცნობ, სტელა გიბსონ. შენ ისე ძლიერ გძულს მამაკაცები, როგორც მე – ქალები!“ – ეუბნება მკვლელი დეტექტივს სატელეფონო საუბრისას. გიბსონი აწყვეტინებს ამ ტიპურ „მენსფლეინინგს“, რამეთუ იცის, მკვლელი სულაც არ ერჩის მამაკაცებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მამრობითი სქესის წარმომადგენელმა დაუნგრია ცხოვრება, სექსუალურად იძალადა მასზე (როცა ბავშვთა სახლში იყო) და უდიდესი ტრავმა, მოუშუშებელი იარა დაუტოვა. პოლ სპექტორი მაინც არ ვნებს მამრებს, ანუ თავისიანებს. მხოლოდ მაშინ მოუხდა კაცის მოკვლა, როცა იძულებული შეიქნა, მკვლელობის მოწმე მოეშორებინა თავიდან. მიზნად არ ჰქონდა დასახული მისთვის რამის დაშავება. სრულიად შემთხვევითი მსხვერპლი აღმოჩნდა. სტელა აგრძნობინებს, რომ კრახით დასრულდება ფსიქოანალიზის წამოწყების ყველა უბადრუკი მცდელობა; რომ სპექტორი არ არის ფსიქიკის უბადლო მცოდნე.

სწორედ სტელა იყო ის, ვინც თავიდანვე მიხვდა, რომ სპექტორის ამნეზია უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი იყო. გაიაზრა, რომ კაცი იგონებდა მეხსიერების დაკარგვას, რათა მართლმსაჯულება გაეცურებინა და თვალი აეხვია გამომძიებლებისათვის. გიბსონი მიახვედრებს, რომ არ გაუვა ამგვარი პროფესიული ხრიკები და იონები; შეიძლება, სხვები გააცუცურაკოს, მაგრამ მას ვერ შეაყრის ნაცარს თვალში.

გიბსონი აცნობიერებს, რომ პოლ სპექტორს მეტისმეტად ჭკვიანი, განათლებული და ერუდირებული კაცი ჰგონია თავი, ნამდვილი ხელოვანი და ა.შ., ამიტომაც, ამ მითსაც უმსხვრევს, ამცირებს, აკნინებს და ეუბნება: „სინამდვილეში, შენი სურვილების მონა ხარ. იოტისოდენადაც კი ვერ აკონტროლებ ვერაფერს. სუსტი ხარ. უძლური. უღონო. უმწეო. გგონია, როგორღაც, ხელოვანიც კი ხარ, მაგრამ ცდები. უბრალოდ, გინდა, შეგამჩნიონ, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდე, დაატყვევო მსხვერპლები, დაატყვევო აუდიტორია“.

პოლი სწორედ ამიტომ სჯის სტელას – თავს დაესხმება დაკითხვისას და დაუნდობლად სცემს. გიბსონი ძლიერ ჰგავს მისგან დახოცილ ქალებს: ისიც კარიერისტი, ამბიციური ქალია, არ ჰყავს ქმარ-შვილი და პროფესიულ ცხოვრებას უთმობს მთელ დროს. სპექტორს გული სწყდება, რომ ვერ მოახერხა მისი მოკვლა.

სერიალში უხვად მოიძებნება ფემინისტური გზავნილები, ჭეშმარიტად ქალური სოლიდარობის უცხადესი მაგალითები.

მას შემდეგ, რაც სპექტორი თავს დაესხა სტელას, ქალმა ვექილმა კატეგორიულად თქვა უარი მის დაცვაზე. მისი მტკიცებით, არასოდეს გამოესარჩლებოდა და ადვოკატად არ დაუდგებოდა კაცს, რომელსაც ასეთი პირუტყვული ძალადობის ჩადენა შეეძლო.

მაყურებელი ხედავს, როგორ უჭერენ მხარს და ამხნევებენ ერთმანეთს ქალები. თავად ჯილიან ანდერსონის (სტელა გიბსონის როლის შემსრულებლის) თქმით, ეს პერსონაჟი სწორედ მაშინ ხდის ფარდას თავის შინაგან სამყაროს, როცა ქალებს ესაუბრება.

სტელა ეუბნება ერთ-ერთ კოლეგა ქალს: „ჩვენ გადავწყვიტეთ მასკულინურ, ულტრამილიტარისტულ, პატრიარქალურ კულტურაში მოღვაწეობა. ეს ჩვენი არჩევანი იყო. დაე, ნუ მივცემთ ამ კულტურას ჩვენი სულიერად გატეხვის საშუალებას“.

გიბსონი მუდამ აგულიანებს რიგით პატრულ ქალს და არწმუნებს, რომ მეტი შეუძლია, არ უნდა დასჯერდეს დაბალ თანამდებობას და ესწრაფოდეს ბევრად უფრო მეტს.

ქალი ხვდება, რომ თინეიჯერ ქეითს მიამიტურად, ბავშვურად, განუსჯელად უყვარს მკვლელი. გამომძიებელი თანაუგრძნობს ყმაწვილქალს, ანუგეშებს, სითბოს, კეთილგანწყობასა და მზრუნველობას იჩენს მისდამი, ურჩევს, გათავისუფლდეს ამ აკვიატებისაგან, ავადმყოფური, დამღუპველი, ფატალური, ობსესიური გრძნობისაგან.

სუპერინტენდანტი გიბსონი მოითხოვს, არ აღძრან სისხლის სამართლის საქმე პოლ სპექტორის ცოლის წინააღმდეგ. მართალია, სელი-ენმა, რომელიც ექთნად მუშაობდა ერთ-ერთ სამშობიაროში, ცრუ ალიბი შეუქმნა ქმარს და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს, თუმცაღა, არაფერი იცოდა მისი სადისტური მიდრეკილებებისა და შემზარავი დანაშაულების შესახებ; წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას სჩადიოდა. როცა სიმართლე შეიტყო, მუცელი მოეშალა. სტელას თქმით, ამ ქალმა საკმარისზე მეტიც კი გადაიტანა და ამიტომაც, არ იყო საჭირო მისი დევნის დაწყება. სელი-ენი თვითმკვლელობასა და საკუთარი შვილების დახოცვას ეცდება სეზონის ბოლოს (ავტომობილით შეიჭრება აბობოქრებულ-აზვირთებულ ზღვაში), თუმცაღა, ყველა გადარჩება. სურს, თავადვე მოაშთოს თავისი და პოლის სიყვარულის ნაყოფნი, რადგან ფიქრობს, რომ ბოროტების, სისასტიკისა და უკეთურების თესლიდან არიან აღმოცენებულნი. სელი-ენს ისე ემშვიდობება მაყურებელი, რომ არც კი იცის მისი ასავალ-დასავალი.

სტელას ჩინებულად ესმის პოლ სპექტორის ერთ-ერთი მსხვერპლისა, რომელსაც როუზ სტეგი ჰქვია. ეს უკანასკნელი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, როცა მკვლელმა გაიტაცა და ავტომობილში დაამწყვდია. როუზი მხოლოდ სტელას წინაშე აღიარებს, რომ მკვლელობის მცდელობამდე კარგა ხნით ადრე თავისივე ნებით დაწვა სპექტორთან; ძალდაუტანებლად გაიზიარა მისი სარეცელი. სწორედ მაშინ შენიშნა მისი სადისტური სურვილები, როცა კაცმა მისი მოხრჩობა სცადა სქესობრივი აქტისას. როუზს ამიტომ ეცნო მკვლელის ხელწერა, როცა გავრცელდა ინფორმაცია დახოცილი, მოგუდული ქალების შესახებ.

როუზი იმასაც ამბობს, რომ საკუთარი ნებით გაჰყვა სპექტორს მკვლელობის მცდელობის დღეს; არჩია, მის ნებას დაჰყოლოდა, რათა არაფერი დაეშავებინა მისთვის. მის ქმარს არ ესმის ამის მიზეზი. სტელა საყვედურობს მას და სრულიად მართებულად შენიშნავს: „მამაკაცები ყოველთვის ასე ფიქრობენ: „ან დაარტყი, ან გაიქეცი“. ეს არ არის სწორი. გაყოლაზე დათანხმება არაფერს ნიშნავს, რადგან ეს მოჩვენებითი თანხმობა, სინამდვილეში, შიშია. დიახ, შიში. ეშინოდა, რომ თუკი გაუძალიანდებოდა და ურჩობას გაუბედავდა, მასაც და მის ოჯახსაც დაუშავებდა რამეს“. სტელა კაცს არ აძლევს ისედაც ტრავმირებული, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მეუღლის შერცხვენის, დამუნათებისა და გაკრიტიკების უფლებას.

მკვლელი თავად აღასრულებს განაჩენს და თავს ჩამოიხრჩობს კარის სახელურზე. სტელა იმედგაცრუებული, გაწბილებული და განრისხებულია, რამეთუ ვერ აიხდინა სურვილი – ვერ დააკისრა დამსახურებული სასჯელი. მართალია, მოიშთო ბოროტების განსახიერება, მაგრამ სიკვდილზე ბევრად მძიმე სასჯელს იმსახურებდა – ტანჯვაში ცხოვრების გალევას.

ქალი ბელფასტიდან ლონდონში დაბრუნდება, შეაღებს თავისი ცარიელი ბინის კარს, აკრეფს იატაკზე მიმოფანტულ კონვერტებს და მაცივრის კარზე მიაკრავს კუპიურას, რომელზეც ეს სიტყვები წერია: „He that loves not abides in death“. ეს ფრაზა მუდამ მოაგონებს პოლ სპექტორის საქმეს. მარტო დარჩენილი სტელა გიბსონი ისხამს ჭიქა წითელ ღვინოს და ემზადება ახალი თავგადასავლისათვის…

*

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, სურს ამ სერიალის მეოთხე სეზონის გადაღება. პოლ სპექტორი გამოეთხოვა წუთისოფელს და, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე სტელა გიბსონზე იქნება ფოკუსირებული ყველა ახალი სერია. ძალზე საინტერესო იქნება იმის ნახვა, როგორ გაგრძელდა დეტექტივის ცხოვრება ამ საქმის დახურვის შემდეგ.

უთუოდ იმსახურებს აღნიშვნას ჯილიან ანდერსონის სამსახიობო ოსტატობა და ბრწყინვალე ტალანტი. იგი ჭეშმარიტი ვირტუოზია, მხატვრული გარდასახვისა და გმირში განსხეულების მისტერიის დიდოსტატი. მართლაც რომ შეუდარებელი, შთამბეჭდავი, ღრმა, რთული, მრავალწახნაგოვანი, უბადლო და დაუვიწყარი მხატვრული სახე შექმნა; მხატვრული სახე, რომლის კიდევ ერთ სეზონში ხილვა გვსურს.