პრატასევიჩის მშობლებმა ანგელა მერკელს დახმარების თხოვნით მიმართეს

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის მშობლები გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვენ, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ძალიან გთხოვთ, ციხეებიდან უდანაშაულო ადამიანების დახსნაში დაგვეხმაროთ. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, რადგან ყოველდღიურად მათზე ძალადობენ და აწამებენ. გთხოვთ, შეაჩერეთ ლუკაშენკო. ყოველი დღე, ყოველი საათი ამ უდანაშაულო ადამიანებისთვის შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს”, –  აცხადებენ პრატასევიჩის მშობლები.


ბელარუსის ხელისუფლებამ საბერძნეთიდან ლიეტუვის დედაქალაქის, ვილნიუსისკენ მიმავალი Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ბელარუსის ცას ჰკვეთდა, მინსკში გუშინ ძალის გამოყენებით დასვა.

ბელარუსის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს დაჯდომა ბელარუსის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა MiG-29-მ აიძულა. ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავისთვის გზის გადაჭრის მიზეზად იქ ბომბის შესაძლო არსებობა მოიმიზეზა და ბელარუსელმა ოპერატორებმა თვითმფრინავს უახლოეს, მინსკის აეროპორტში დაფრენა მოსთხოვეს. თუმცა, როგორც BBC წერს, ის ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკთან.

საბოლოოდ, მინსკში ჩხრეკის შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იქ ბომბი არ იყო და თვითმფრინავი რამდენიმე საათის დაგვიანებით ვილნიუსში ჩაფრინდა. თუმცა, ორი მგზავრის გამოკლებით.

ბელარუსელმა სამართალდამდცველებმა თვითმფრინავის მინსკში დასმის შემდეგ დააკავეს ოპოზიციური მედიაგამოცემა Nexta-ის ყოფილი რედაქტორი, რომან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა.