დეესკალაციისთვის პასუხისმგებლობა აქტივისტებმაც უნდა აიღონ - თურნავა ნამახვანჰესზე

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ნამახვანჰესის გარშემო არსებულ პროტესტსა და შაბათს, 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. თურნავას თქმით, საჭიროა დეესკალაციისთვის აქტივისტებმაც გადადგან ნაბიჯები:

„დეესკალაციას ყოველთვის აქვს ორი მხარე – ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული პასუხისმგებლობა, ასევე, იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ახლა ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, რომ კომპანიას, რომელიც დღეს კანონიერად გაცემული ნებართვის ფარგლებში ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ საწყის სამუშაოებს, არ შეექმნება პრობლემა. მათ თანამშრომლებს არ შეექმნებათ პრობლემა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ მნიშვნელოვანი უწოდა შაბათს, 12 ივნისს ხეობის მცველებსა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრას, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა წინა კვირას. პრაქტიკულად, დაიწყო ნამახვანჰესთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაციის პროცესი. 1-ლი შეხვედრა ევროპული ენერგეტიკული ქარტიის დავების საბჭოს თავმჯდომარის მედიაციით გაიმართა. 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა, რომელზეც ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი.

მათ შორის ის აქტივისტებიც, რომლებიც რიონის ხეობაში აპროტესტებენ ჰესს, სხვადასხვა სპექტრის არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა იყო წარმოდგენილი – ეკონომიკისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. ასევე, თვითონ ინდუსტრიაც იყო წარმოდგენილი, განახლებადი ენერგიებისა და მცირე ჰესების ასოციაციის სახით და საკმაოდ საგნობრივი დისკუსია წარიმართა და რა თქმა უნდა, ეს არის პირველი შეხვედრა. მედიაციის პროცესი უფრო რთულია და ამით არ ამოიწურება. პოზიციები იყო დაფიქსირებული.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ საბოლოოდ იმ დასკვნაში, რაც გამოქვეყნდა ბ-ნ დირკ ბუშლეს სახელით, აღინიშნა მნიშვნელოვანი რამ, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია პროექტის ირგვლივ ხეობაში. ნორმალურ პირობებს და ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ხეობა და ეს ჩვენი ძალიან დიდი სურვილიცაა“, – ამბობს თურნავა.

ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ დაისახა გეგმები, რომ ხელახლა, უფრო კვალიფიციურ, მაღალ დონეზე შეისწავლონ გარემოსდაცვითი ასპექტები, კომერციული ასპექტები – თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას.

„..მათ შორის, სამუშაოების თუნდაც დროებით შეწყვეტას, რასაც ძალიან მძიმე შედეგი ექნება როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვისაც, ვინაიდან, პრაქტიკულად, ამის შედეგად კომპანიას ექნება სრული უფლება, სახელმწიფოს მოსთხოვოს რაღაც პასუხი, რადგან დღეს ახორციელებს თავისი კანონიერი ნებართვის ფარგლებში ქმედებებს“, – განაცხადა თურნავამ.

ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია ENKA-სთან, რომ ხელშეკრულების პირობები გაუმჯობესდეს.

„იცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქულ კომპანიასთან. მათი კეთილი ნებაც არის ამაში, რა თქმა უნდა, რომ პირობები გაუმჯობესდეს, მათ შორის იგივე, თუნდაც იჯარით გადაცემული მიწების ხანგრძლივობა გადაიხედოს, რაც არაერთგვაროვნად იყო აღწმული საზოგადოებაში მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობას სრულად შეესაბამება.

ჩვენ ამას ვხედავთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს წუხილი რაც საზოგადოებაში იყო გამოთქმული, გაუმჯობესებული ფორმით აისახოს კონტრაქტში. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად. მთავარი არის, რომ ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ უფრო მშვიდობიან კონსტრუქციულ რეჟიმში“, – განაცხადა თურნავამ.