ალექსანდრე კობერიძემ „ბერლინალეზე“ მიღებული ჯილდო „რიონის ხეობის მცველებს“ მიუძღვნა

პუბლიკა

ქართველმა რეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ, რომლის ფილმმა „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე, „ბერლინალეზე“ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო მიიღო, რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადა.

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ – წარწერა დიდ მონიტორზე მისი საუბრის დროს იყო გამოსახული. რეჟისორმა განაცხადა, რომ პრესტიჟულ ჯილდოს სწორედ „რიონის ხეობის მცველებს“ უძღვნის.

„მდინარემ უნდა იდინოს“, – განაცხადა რეჟისორმა.

„უპირობო თანადგომისა და განუზომელი მადლიერების ნიშნად, მინდა ეს ჯილდო რიონის ხეობის მცველებს მივუძღვნა, რომლებიც უკვე 233 დღე და ღამეა რიონის ხეობას და სიმართლეს იცავენ“, – თქვა მან.

5 მარტს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმმა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო მიიღო.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით წლევანდელი ფესტივალი განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა. მაყურებლებს არ ჰქონდათ საშუალება, სასურველ ჩვენებებს დასწრებოდნენ. ამის გამო 9 ივნისს გაიხსნა „Summer Special“, სადაც მაყურებელს აქვს საშუალება, ღია ცის ქვეშ უყუროს „ბერლინალეს“ პროგრამას.

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომლის სიუჟეტიც ქუთაისში ვითარდება. ფილმი ლიზასა და გიორგის სიყვარულის უცნაურ ისტორიაზე მოგვითხრობს. „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურბთ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე ქართული ფილმია, რომელიც „ბერლინალეს“ მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. წლევანდელ მთავარ კონკურსში მონაწილეობდნენ ისეთი რეჟისორები, როგორიცაა ჰონ სანგ სუ, სელინ სიამა და ა.შ.