„პატარა სასწაული“ - კობერიძის ახალ ფილმს კრიტიკოსები აღფრთოვანებით შეხვდნენ

პუბლიკა

ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურბთ“ ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია. ფილმის ონლაინჩვენება უკვე გაიმართა და ქართველი თუ უცხოელი კინოკრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ამ გონებამახვილურ, თბილ, მოულოდნელობებით აღსავსე ხალხურ ზღაპარში სიცოცხლით სავსე, უძველეს ქალაქში მცხოვრები შეყვარებულები ერთმანეთს წყევლის გამო ვეღარ იცნობენ“, – წერს გამოცემა Variety – „თუ „ავი თვალის“ ანტონიმი არსებობს, ეს მზერაა ფილმში „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“.

„ლაღი და ამასთანავე მომნუსხველად სევდიანი“, – ასე აფასებს The Criterion Collection-ის ჟურნალი ფილმს, – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ თავისი სასიამოვნო გადახვევებით რიონის შენაკადივით მიედინება“.

„ეს ქართული იგავი ნამდვილად უბადლო საჩუქარია“ – წერს ფრანგული გამოცემა Le Polyester.

ფრანგული გამოცემა ფილმს უხმო კინოსაც ადარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „კობერიძე ფეტიშისტი მიმბაძველი არ არის. ყოველი კადრი სიურპრიზია… კადრები ერთმანეთს თავბრუდამხვევი კარუსელივით ენაცვლება“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფილმი ერთდროულად იმდენად არაჩვეულებრივი და მეტყველია, რომ მისი წარმოდგენა საპრიზო ჩამონათვალის მიღმა წარმოუდგენელია.
გერმანული rbb 24 კი წერს, რომ სტილისტიკურ მოწიფულობას, რაც ამ სადიპლომო ფილმს აქვს, ბევრი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ვერ აღწევს.

ესპანური Otros cines europa კობერიძის ფილმს ფესტივალის აღმოჩენას უწოდებს.

„გამჭრიახი, ლაღი მოგზაურობა კინემატოგრაფიულ შესაძლებლობებში“, – ასე აღწერს Screen Daily ფილმს და დასძენს, რომ სურათი მაგალითია მათთვის, ვინც აქამდე შიშობდა, რომ ხელოვნების ფორმებს გამოელიათ შესაძლებლობები რეალობაში პოეზიის საპოვნელად.

გერმანული Filmstarts ალექსანდრე კობერიძეს უწოდებს ახალგაზრდა რეჟისორს, რომელმაც უნიკალური ხელწერით შეაბიჯა კინოში. გამოცემა ფილმს „პატარა სასწაულს“ უწოდებს.

„ორსაათნახევრის განმავლობაში რეჟისორი ოსტატურად გვიჩვენებს ქუთაისურ ცხოვრებას და მაგიურად აქსოვს [სიყვარულთან] ხელახლა შესახვედრად ძიების პროცესს“, – წერს გერმანული Movie break.

Awards Daily კი წერს, რომ „დასაწყისის“ წარმატებისა და კანის ფესტივალზე ნაჩვენები „და ჩვენ ვიცეკვეთ“-ის შემდეგ „ეს გასაოცარი „ოქროს დათვის“ პრეტენდენტი დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქართულ კინოში უაღრესად საინტერესო ახალი ტალღა იბადება“.

„დაივიწყეთ პარიზი, ვენეცია ან ნიუ-იორკი, როგორც ჩანს, სინამდვილეში ქუთაისია სიყვარულის ქალაქი… შეიძლება, ეს ფილმი ერთ-ერთი საუკეთესოა, ფეხბურთის ყურების სიამოვნებაზე რაც კი გადაუღიათ“,- წერს ჟურნალი Tilt 

კინოკრიტიკოსი ჯორდან ქრონკი Twitter-ზე წერს, რომ ჯერჯერობით ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში კობერიძის ფილმი საუკეთესოა.

„კობერიძე გვიჩვენებს, რომ ტრაგედიით, კონფლიქტებითა და სერიოზულობით სავსე სამყაროში ჯერ კიდევ შემორჩენილია ადგილი ოცნებებისა და იღბლიანი შემთხვევითობებისთვის“, – წერს გამოცემა FilmUforia

იტალიური გამოცემა Cinematografo რეჟისორს უწოდებს ავტორს, რომლის თამამი და მომაჯადოებელი მზერა „ბერლინალეზე“ ყველაზე გამორჩეულთა შორისაა. რეცენზიაში ავტორს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემს უწოდებენ.

ფილმმა ქართველი კინომცოდნეების შექებაც დაიმსახურა:

„ეს არის ფილმი-ბედნიერება. მიხარია და ვულოცავ მის ავტორს, ყველასგან აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟისორს, ალექსანდრე კობერიძეს“, – წერს გოგი გვახარია Facebook-ზე.

„როგორ მიხარია, როცა არტ-მეინსტრიმად ქცეულ და თითქმის ტყუპისცალივით მსგავს მანერულ კინოში უეცრად ამოანათებს სრულიად უჩვეულო ფილმი და თანაც როცა ის ქართულია. ალექსნდრე კობერიძის კინო თავისი აბსურდული და ზღაპრისეული ლოგიკით, იუმორითა და სრულიად არაბანალური რომანტიზმით, მოულოდნელი დრამატურგიული თუ სტილისტური ტეხილებით არავის ჰგავს“, – წერს თეო ხატიაშვილი.


„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურბთ“ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომლის სიუჟეტიც ქუთაისში ვითარდება. ფილმი ლიზასა და გიორგის სიყვარულის უცნაურ ისტორიაზე მოგვითხრობს. „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურბთ“ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მესამე ქართული ფილმია, რომელიც „ბერლინალეს“ მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. წლევანდელ მთავარ კონკურსში მონაწილეობენ ისეთი რეჟისორები, როგორიცაა ჰონ სანგ სუ, სელინ სიამა და ა.შ.

წლევანდელ „ბერლინალეზე“ კიდევ ერთ ქართულ ფილმს აჩვენებენ – სექციაში „ფორუმი“ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ 17 ფილმს შორის მოხვდა.

ალექსანდრე კობერიძის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი – „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ (2017) გერმანელმა კრიტიკოსებმა საუკეთესო ექსპერიმენტულ ნამუშევრად შეაფასეს.