ბრძოლამ გამოიღო შედეგი. იმედი გვაქვს, დანარჩენი პირობებიც დაკმაყოფილდება - მაკა სულაძე

პუბლიკა

„ბრძოლამ გამოიღო შედეგი და ეს არის მთლიანად მთელი ქართული საზოგადოების დამსახურება. იმ ხმაურის დამსახურება, რომელიც დიალოგის ფორმით გვქონდა ყოველ საღამოს ხელისუფლებასთან და, როგორც ჩანს, ხელისუფლება შეაწუხა დიალოგის ამ ფორმამ და გააცნობიერა, რომ ცივილიზებულ და დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ასეთი დიალოგი არ უნდა გამართო საკუთარ მოსახლეობასთან“, – ამის შესახებ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა, მაკა სულაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლიციამ გუმათჰესთან განლაგებული რკინის ბარიკადების დაშლა დაიწყო.

სულაძის თქმით, ბარიკადების დაშლა ერთ-ერთი პირობაა, რომელიც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა მთავრობას წაუყენეს. სულაძე იმედოვნებს, რომ მთავრობა დანარჩენ პირობებსაც დააკამყოფილებს:

„ეს ერთ-ერთი პირობა, როგორც ვხედავთ, უკვე დაკმაყოფილების პროცესშია. იმედი გვაქვს, დანარჩენსაც დააკმაყოფილებს – უნდა გაიყვანოს უზომოდ დიდი რაოდენობის საპოლიციო ძალა ხეობიდან; თავისუფლად გადაადგილების უფლება უნდა აღგვიდგეს ჩვენ, აქაურ მცხოვრებლებს და ნებისმიერ მოქალაქეს ამ ქვეყნისას; უნდა დავბრუნდეთ ჩვენი პროტესტის ადგილას და მოგვეცეს საშუალება ჩვენი პროტესტის თავისუფლად გამოხატვის და ყველაზე მთავარი რაც არის, უკანონოდ დასაკავებელი ბიჭების საქმეები უნდა გადაიხედოს, რომლებიც მსხვერპლნი გახდნენ იმ რეპრესიული ზომების, რომელთაც ყოველდღიურად მიმართავდა ხელისუფლების ჩვენ წინააღმდეგ“, – განაცხადა მაკა სულაძემ.


გუმათჰესთან პოლიციამ რკინის ბარიკადების აშლა ნახევარი საათის წინ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.

ბარიკადების აღება არის ერთ-ერთი წინაპირობა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით მედიაციის დასაწყებად.

პირველი შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით შაბათს, 12 ივნისს გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მედიაციის დასაწყებად წამოყენებულ რამდენიმე წინაპირობაზე პასუხი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პარასკევამდე უნდა ეთქვათ. საუბარია ბარიკადების აღებაზე, ხეობიდან პოლიციის გასვლასა და პროტესტის ნამოხვანში დაბრუნებაზე. გოლეთიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ შეხვედრაზე დღის წესრიგში კვლავ დადგება შემდგომი წინაპირობა, ხეობაში სამუშაოების შეჩერების შესახებ.

როგორც მედიატორის, დირკ ბუშლეს განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ შეცვლის არსებულ ბარიერებს და მთავარ გზაზე წვდომას უზრუნველყოფს. მეორე მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო მოედნისკენ მიმავალ გზას.

ვარლამ გოლეთიანი „პუბლიკასთან” საუბრისას აცხადებდა, თუ პოლიცია ბარიკადებს აიღებს, ისინი გადაინაცვლებენ სოფელ ნამოხვანში. აქტივისტები აღარ იქნებიან იმ 7 ლოკაციაზე, საიდანაც კომპანიის მანქანებს გადაადგილებას უზღუდავდნენ. შემდეგ კი შეხვედრების ფორმატში დააყენებენ საკითხს სამუშაოების შეჩერების შესახებ.