ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი ვაქცინაციის კალენდრის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ „დღის კურიერის” ეთერის საუბრისას აღნიშნა, ქვეყანას საკმარისი დოზები აქვს, იმისთვის, რომ არ მოხდეს ვაქცინაციის წყვეტა.
„ჩვენ გვესმის არაერთი საყვედური, რომ ჩვენ რაღაცას ვაგვიანებთ, არ ვაკეთებთ თანმიმდევრულად და ა.შ. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად შეიმუშავა ვაქცინაციის კალენდარი, რა ეტაპობრიობით უნდა მომხდარიყო საქართველოში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი მოქალაქეების ვაქცინირება და ჩვენ ამ კალენდრის სრულ თანხვედრაში ვართ და რთული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთვის საყვედურების მიღება, თუმცა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, გავაუმჯობესოთ შედეგები,”- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
მისივე თქმით, ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია წლის მესამე კვარტალში დაიწყება.
„ეტაპობრივად ვახორციელებთ როგორც ბრიგადების დამატებას, ასევე იმ საჭირო ადგილების დამატებას, რის შემდეგაც ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ თავისუფლად ვაქცინირებას.
მნიშვნელოვანია ის, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი ყოველთვის გვქონდა, რომ დაიწყება მესამე კვარტალში. მესამე კვარტალი დადგება და ჩვენ დავიწყებთ მასობრივ ვაქცინაციას, აქედან გამომდინარე არანაირი ცვლილება გეგმაში არ მომხდარა და ვაქცინაციის პროცესს რისკი არ აქვს,” – განაცხადა მინისტრმა.