ნამახვანჰესის ირგვლივ ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან წარვადგენთ ჩვენ ხედვას მედიაციისას - ომბუდსმენი

პუბლიკა

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უსმენენ.

ქვეყანაში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგინის შემდეგ დეპუტატებმა სახალხო დამცველს შეკითხვები დაუსვეს.

ომბუდსმენი შეეხო ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ მათ არაერთხელ განუცხადებიათ ამ პროცესში ადამიანების შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, არაერთი განცხადება გვქონდა მათი შეკრების თავისუფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით, გადაადგილების თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვასთან დაკავშირებით. თავად პროექტთან დაკავშირებითაც ვთქვით, რომ საჯარო განხილვა იყო ხარვეზებით და ა.შ. მოქალაქეთა ჩართულობა არ იყო უზრუნველყოფილი.

თუმცა ახლა მიმდინარეობს მედიაცია ევროკავშირის შესაბამისი პროექტის ჩართულობით. სახალხო დამცველი ესწრება მედიაციას და ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, ვინაიდან ამ პროცესში ჩვენ ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან წარვადგენთ ჩვენ თვალთახედვას მედიაციაში მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.


პირველი შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით შაბათს, 12 ივნისს გაიმართა. მედიაციის დასაწყებად აქტივისტებს რამდენიმე წინაპირობა აქვთ.

შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მედიაციის დასაწყებად წამოყენებულ რამდენიმე წინაპირობაზე პასუხი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს პარასკევამდე უნდა ეთქვათ. საუბარია ბარიკადების აღებაზე, ხეობიდან პოლიციის გასვლასა და პროტესტის ნამოხვანში დაბრუნებაზე. გოლეთიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები შესრულდება, შემდეგ შეხვედრაზე დღის წესრიგში კვლავ დადგება შემდგომი წინაპირობა, ხეობაში სამუშაოების შეჩერების შესახებ.