ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ დღეს 12 საათიდან „სინოფარმით“ აცრაზე რეგისტრაცია დაიწყებოდა, თუმცა საიტი შეფერხებით მუშაობს. ამ ეტაპზე booking.moh.gov.ge-ზე რეგისტრაციის გავლა ვერ ხერხდება.
„პუბლიკა“ დაავადებათა კონტროლის ცენტრს რეგისტრაციის დაწყებამდე 10 წუთით ადრე დაუკავშირდა და მიმართა შეკითხვით, შეიცვლებოდა რეგისტრაციის დრო, თუ ტექნიკური პრობლემა 12 საათისთვის მოგვარებული იქნებოდა. პრესსამსახურმა გვიპასუხა, რომ ყველაფერი გვეცნობება.
ამ ეტაპზე უცნობია, როდის გამოსწორდება საიტის ტექნიკური ხარვეზი და როდის მიეცემათ მოქალაქეებს საშუალება, ჩინური „სინოფარმით“ აცრაზე დარეგისტრირდნენ.
დღეს ასევე არ განახლებულა კორონავირუსის ყოველდღიური სტატისტიკა. მთავრობის ადმინისტრაციაში არ აქვთ პასუხი, როდის აღმოიფხვრება ხარვეზი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციის პროცესი ორშაბათიდან, 5 ივლისიდან დაიწყება.
„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა თბილისში 2 ივლისს ჩამოვიდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა, შემუშავებულია ქვეყნის მასშტაბით პრეპარატის განაწილების სქემაც.
„სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებია.