„თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე დააკავა 3 პირი.

„დაკავებულია 1992 წელს დაბადებულ გ.ე.-ს, 1998 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ა.-სა და 1992 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ბრალად ედებათ, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევა“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველთა მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა: გ.ე.-მ, ა.ა.-მ და გ.ო.-მ 5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის მფლობელების ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შეაღწიეს ოფისის აივანზე, რასაც მოყვა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება. შსს აღნიშნავს, რომ მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ადამიანების, კერძოდ, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა დევნით იყო გამოწვეული.

„დაკავებული პირების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს“, – აცხადებს შსს.

დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის, დევნის, ჯგუფური ძალადობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 15 პირია დაკავებული.