AstraZeneca-ს 43 200 დოზა საქართველოში ჩამოვიდა

პუბლიკა

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

AstraZeneca-ს ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის. AstraZeneca-ს ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.

მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. AstraZeneca-ს ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) – 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია.

ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია. AstraZeneca-ს ვაქცინაციის ცენტრები მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში შეირჩევა.

AstraZeneca-ს ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქართველომ AstraZeneca-ს დამატებითი დოზები COVAX პლატფორმიდან მიიღო.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.