ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ლექსო ლაშქრავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ლექსო, როგორც მედიაპროფესიონალი, მრავალი წელი კამერის უკან მუშაობდა და შეიძლება ზოგს ის ვერც კი ეცნო, სანამ მას სასტიკად არ გაუსწორდნენ ის პირები, რომლებმაც ადამიანის სიცოცხლისადმი პატივისცემის სრული უგულებელყოფა აჩვენეს.
ლექსოს მიერ კოლეგის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცე და მისი ერთგულება ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ, რასაც ოდითგანვე აფასებდნენ ამ ქვეყანაში, წარმოადგენს ქართველი ხალხის საუკეთესო თვისებებსა და ტრადიციებს.
ლექსოს თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის დაკავება პირველი დადებითი ნაბიჯია სამართლის აღსრულებისკენ. თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და დემოკრატიისადმი რწმენა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა, ვინც თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ან ვინც წააქეზა ძალადობა, უნდა გამოვლინდეს, იქნას დაპატიმრებული და უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე კანონის სრული სიმკაცრით.
ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისა და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის ტრაგიკული სიკვდილი”. – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.