რა გახდა აცრების პორტალ booking.moh.gov.ge – ს შეფერხების მიზეზი და როდის გამოსწორდება ხარვეზი – ამ შეკითხვებზე ჯანდაცვის სამინისტროში ზუსტი პასუხი არ აქვთ.
„პუბლიკის“ შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა პორტალის გათიშვა მაღალ მიმართვიანობას, სამინისტროს პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ მიმართვიანობა მაღალია და რომ სავარაუდოდ ვებგვერდი დროთა განმავლობაში გასწორდება. უწყებაში გვითხრეს, რომ თუკი ოფიციალური განმარტება გაკეთდება, ჩვენც გვეცნობება.
„პუბლიკამ“ იმავე შეკითხვებით „დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც“ მიმართა, თუმცა ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ზე ადგილების დაჯავშნა დღეს 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი – booking.moh.gov.ge შეფერხებით მუშაობს.
ამ დროისთვის Pfizer-ზე დარეგისტრირების მსურველები რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებენ.
pfizer-ის ვაქცინა საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ვაქცინა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. pfizer-ით იმუნიზაციას მოქალაქეები პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.
pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.