წულუკიანმა ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში ციხეებზე პროკურატურაში გადაგზავნა და გამოძიებას მოითხოვს

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტისა და მონიტორინგის  შედეგებზე პროკურატურაში გადააგზავნა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, – ამის შესახებ მან ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც ანგარიშს უსმენენ.

„მე არ უნდა მიწევდეს თქვენ მაგივრად პროკურატურისთვის მიმართვა, თქვენი ანგარიშის მიღების შედეგად; მე ეს ანგარიში გადავაგზავნე პროკურატურაში და მოვითხოვე გამოძიების დაწყება, იმიტომ, რომ თქვენ საუბრობთ დანაშაულებზე, რომ ფლობთ [ინფორმაციას] დანაშაულებზე, რომელიც ამ დაწესებულებებში მიმდინარეობს, და არ გსურთ, ალბათ, რომ თქვათ გვარები“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ე.წ. ზონებში თუ რომელიმე პატიმარი დააპირებს, რომ გააკონტროლოს სხვა პატიმრის ქცევა ან გაბედავს და იტყვის, რომ ფული უნდა შეგროვდეს, ასეთ დროს ხდება მათი დასჯა და დახურულ დაწესებულებაში გადაყვანა. მისივე თქმით, 2019 წელს მე-17 დაწესებულებიდან ე.წ. ზონიდან დახურულ დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 11 ასეთი პატიმარი, რომელმაც მოისურვა სხვების კონტროლი…

„თქვენ კი ანგარიშში ამბობთ, რომ ადმინისტრაცია ამას არ ებრძვისო და ლამის იმაში გვადანაშაულებთ, რომ შეიძლება, ასეთ ხალხთან ვიყოთ შეკრული. მაშინ დაასახელეთ, ვინ არის კონკრეტულად ამ ხალხთან შეკრული და პროკურატურას მიმართეთ…

ომბუდსმენის საქმიანობის პრინციპი აქ წერია, რომ არის ზიანის არმიყენება, მეთოდზე ისაუბრეთ ბევრი. მთავარი მეთოდი  თქვენი, ქალბატონო ნინო, თქვენი ვერ იქნება „ომერტა“ [ომერტა ანუ დუმილის კანონი დევიზით: ვინც არ დუმს, უნდა მოკვდეს], იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი, თქვენ ხართ სახალხო დამცველი. შესაბამისად, თუკი დაგიბარებენ პროკურატურაში ან თქვენ თანამშრომლებს, ვინც ეს ანგარიში შეადგინა, იმედი მაქვს, ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ დაასახელოთ ე.წ. მაყურებელი, პატიმარი, გვარი სახელი, ვინ ვის მოსთხოვა იმიტომ, რომ თქვენ გარჩევებსაც თითქოს აღწერთ ძალიან ზედაპირულად, მაგრამ აღწერთ. თუ თქვენ აღწერთ, ე.ი. შეესწარით კიდეც. თუ არ შეესწარით, ე.ი. ვიღაცამ მოგაწოდათ ინფორმაცია. თქვენ არ გაქვთ უფლება, დაფაროთ დანაშაული“, – განაცხადა წულუკიანმა.