ნინოწმინდის ბავშვთა სახლი

პუბლიკა

შოთა ქობალია

 

(სასამართლო, როგორც ბავშვის უფლებების დაცვის გარანტორი)

საქართველოს სახელმწიფოებრივ-ინსტიტუციონალური გამართულობა, კანონის უზენაესობის იდეალი და სამოქალაქო საზოგადოების მორალური სიმწიფე არსებითი გამოწვევის წინაშე დადგა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე.

საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერება და მორალური სიმწიფის ხარისხი ერთგვარად განაპირობებს ისეთი ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირებასა და განვითარებას, რომლთა უმთავრესი დანიშნულება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და  სამართლის უზენაესობის განმტკიცებაა. ამ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემა თვისობრივად შეუგუებელია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახასთან დაკავშირებული ინციდენტების მიმართ და განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის საშუალებებით აღჭურვავს მას, ვინც რაიმე ნიშნით საზოგადოების  მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნება.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი საპატრიარქოს უშუალო დაქვემდებარების ქვეშ ფუნქციონირებს. პანსიონატი სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული დაწესებულებაა, რომელშიც საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – ბავშვები იმყოფებიან და, ამდენად, არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი, რომ იგი პერიოდულად მონიტორინგს ექვემდებარებოდეს. ამასთან, ბავშვების უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გარანტირების ვალდებულება საქართველოს როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, ასევე შიდა კანონმდებლობითაც აკისრია.

საქართველოს სახალხო დამცველი პერიოდულად ახორციელებს საქართველოში ფუნქციონირებადი პანსიონატების (მათ შორის ნინოწმინდის პანსიონატის) მონიტორინგს. 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა პანსიონატში არსებული ვითარების მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესწავლა სცადა, თუმცა პანსიონატის ადმინისტრაციამ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მათ დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ მისცა. სახალხო დამცველს თავის ანგარიშებსა და განცხადებებში მრავალგზის აღუნიშნავს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში „სწორად აღზრდის“ საბაბით ბავშვთა მიმართ ძალადობისა და მათი დასჯის შემთხვევები, ის ფაქტი, რომ პანსიონატში მცხოვრები არასრულწლოვნები იზოლირებულები არიან სოციუმიდან და არ აქვთ შესაბამისი პირობები ადეკვატური ფსიქო-სოციალური განვითარებისთვის.  პანსიონატის კარები დაკეტილი იყო სამოქალაქო სექტორისთვისაც, რაც კიდევ უფრო ზრდიდა სოციალურ დაძაბულობას და ეჭვებს იმის შესახებ, რომ ბავშვთა უფლებების შელახვა სისტემურ და შეუქცევად ხასიათს ატარებდა.

არსებული ვითარება გარკვეულწილად განიმუხტა აიიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივანე ღლონტის მიერ მიღებული დროებითი განჩინებით. მოსარჩელეთა მტკიცებით, სასამართლო დავის განხილვის ხანგრძლივი ხასიათიდან გამომდინარე არსებობდა მომეტებული საფრთხე იმისა, რომ პანსიონატში მყოფი არარასრულწლოვნების უფლებები არსებითად შელახულიყო და, ამდენად, მანამ, სანამ სასამართლო იმსჯელებდა პანსიონატის ფუნქციონირების კანონიერებაზე და დაადგენდა ან უარყოფდა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტებს,  ბავშვთა  უფლებების დაცვის ერთადერთი ეფექტური მექანიზმი იქნებოდა სასამართლოს განჩინება იმის თაობაზე, რომ პანსიონატს დროებით შეეწყვიტა ფუნქციონირება, ხოლო ბავშვები შესაბამისი პირების (კანონიერი მეურვეების,მშობლების, სოც მუშაკების და ა.შ.) ზედამხედველობას დაქვემდებარებოდნენ.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და პანსიონატის მზრუნველობას სრულიად ჩამოაშორა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (ვინაიდან მოსარჩელე არ იყო შესაფაერისი სუბიექტი, რათა წარმოედგინა პანსიონატში მყოფი ყველა ბავშვის კანონიერი ინტერესები, გაჩინება მხოლოდ შეზღუდული შშმ ბავშვებს შეეხოთ. საქართველოს კანონმდებლობა კერძო სექტორს სასამართლოში მხოლოდ შშმ ბავშვების ინტერესების წარმოდგენის შესაძლებლობას აძლევს. ). დროებითი განჩინების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მალევე დატოვეს პანსიონატი, ხოლო დაწესებულებაში დარჩენილ არასრუწლოვნებთან შესვლის შესაძლებლობა მიეცათ სოც.მუშაკებსა და კანონით აღჭურვილ პირებს.

მოსამართლე ივანე ღლონტის მიერ მიღებული განჩინების თანახმად:

„სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი“.[1]

სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტზე განსაკუთრებულად აისახება მისი ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გაჯერებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სამართლის უზენაესობისა და სამართლიანობის დაცვის სულისკვეთებით. მსგავსი გადაწყვეტილებები უმნიშვნელოვანეს შემაკავებელ-გამაწონასწორებელ მექანიზმს წარმოადგენს საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გამოვლენილი თვითნებობებისთვის (როგორც ქმედებით, ასევე უმოქმედობით) რომლებსაც, უმეტესწილად, ვიწროპარტიული ელექტორალური მიზნები შეიძლება ამოძრავებდეთ.

ხელისუფლებას, რომელსაც გააჩნია ლეგიტიმური მონოპოლია იძულებაზე, აქვს თანმდევი მორალური და სამართლებრივი ვალდებულება დაიცვას რესპუბლიკურ იდეალებზე დაფუძნებული საზოგადოების ინტერესები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვამდე ნინოწმინდის პანსიონატში არსებული მდგომარეობა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აძლევდა სრულფასოვან კანონიერ საფუძველს, დაწესებულების მონიტორინგის მიზნით მიეღოთ მაიძულებელი ზომებიც კი და იმთავითვე გამოერიცხათ ბავშვთა უფლებების შელახვის რისკები, თუმცა მათი მხრიდან გამოვლენილი იქნა თვითნებური უმოქმედობა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სასამართლო ხელისუფლება, კერძოდ კი მოსამართლე ივანე ღლონტი აღმოჩნდა კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის დაცვის გარანტი.

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობა საზოგადოებრივი კონფლიქტების აღმოფხვრის აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი კომპონენტია. ნინოწმინდის პანსიონატის გარშემო განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ კანონმდებლობის ასახვა პრაქტიკულ ცხოვრებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს, ხოლო ინსტიტუტები თავის ფუნქციურ მნიშვნელობას მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებითა და კეთილსინდისიერი დამოუკიდებელი და კომპეტენტური მოსამართლის მეშვეობით იძენს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება სისტემური და ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე პრობლემების წინაშე დგას და პრინციპული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მისაღებად მოსამართლეთა ნაწილს ინდივიდუალური დამოუკიდებლობისა და კომპეტენციის დამაკმაყოფილებელი ხარისხის პრობლემა აქვთ, შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე ივანე ღლონტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ერთგვარი ამოვარდნაა ამ საერთო სურათიდან და განსაკუთრებული მნიშვნელობის პრეცედენტია.

[1] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ივნისის დროებითი განჩინება.