ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში ამერიკელ მეტოქესთან ბოლო წამს დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში პეტრიაშვილის მეტოქე პანამერიკული თამაშების და იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული, ამერიკელი გეიბლ სტივესონი იყო.
წლევანდელ ოლიმპიადაზე ეს საქართველოსთვის მე-8 მედალია. აქედან 2 მედალი ოქროსია, 5 – ვერცხლის და 1 – ბრინჯაოსი.
გენო პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელია. იგი ასპარეზობას მერვედფინალში შეუდგა და აფრიკის ორგზის ჩემპიონს სძლია. პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში 5:2 დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ჩინელი ჟივეი დენგი. ფალავანს ნახევარფინალში მეტოქედ ჰყავდა 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე. პეტრიაშვილმა ფინალში გამსვლელი შეხვედრა ანგარიშით 6:3 დაასრულა.