პარტიის „ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა დოლიძე იქნება. დოლიძე, რომლის საარჩევნო ნომერიც 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 48 იქნება, მერობის კანდიდატად ცოტა ხნის წინ წარადგინეს.
„ეს ქალაქი არის ჩვენი მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის და მათი კერძო ინტერესებისთვის. ეს ქალაქი არ არის ბავშვებისთვის, რომელთა სკოლის გვერდზე არის ბენზინგასამართი სადგურები. ეს ქალაქი არ არის დედებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ტროტუარები, რომ ბავშვები გაასეირნონ.
ეს ქალაქი არ არის მშობლებისთვის, რომელთაც არ აქვთ პარკები, სადაც მანქანის გარეშე გაიყვანენ ბავშვებს, ეს ქალაქი არ არის ასაკოვანი ხალხისთვის, სადაც არც ერთი სივრცე არ არსებობს, სადაც პენსიონერი ადამიანი თავისი თავის რეალიზებას მოახდენს, იპოვის კოლეგებს, მეგობრებს, თანამოაზრეებს, ეს ქალაქი არ არის ოჯახებისთვის, რომლებიც პირველ რიგში ეძებენ ეზოებს”, – თქვა დოლიძემ წარდგენაზე.
პრესსამსახურის ცნობით, ანა დოლიძის სლოგანი „მერი ყველასთვის!“ იქნება.
„მერი უნდა ზრუნავდეს, რომ დაცული იყოს თითოეული მოქალაქის მობილობის უფლებაა და მუშაობდეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაზე“, – ნათქვამია დოლიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი პარტიის კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძე იქნება. არჩევნებისთვის ოპოზიციის ნაწილი, ოთხი პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა – თბილისში საერთო კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმდნენ.
პარტიების მერობის საერთო კანდიდატი „ენმ-ის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცემერობის კანდიდატი – „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე.
მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დაასახელა „ლეიბორისტულმა პარტიამაც“. თბილისში „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატი – მიხეილ ქუმსიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი, ლაშა ჩხარტიშვილი იბრძოლებს.