ოპოზიციის ნაწილმა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მელია ოპოზიციის ნაწილმა მერობის საერთო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.

ნიკა მელიასთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია იბრძოლებს. თბილისის ვიცე-მერის კანდიდატურა კი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ იქნება.

კანდიდატების პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი და რომელი პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს ოპოზიციის კანდიდატებს. თუმცა, მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისს კოალიციური მთავრობა ეყოლება. „ნაციონალური მოძრაობა“ კი თბილისის საარჩევნო ოლქებში თავის კანდიდატებს არ დააყენებს.

ნიკა მელია 2020 წლის დეკემბრიდან არის საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაშინ მან თავმჯდომარის თანამდებობაზე პარტიიდან წასული გრიგოლ ვაშაძე შეცვალა.

ნიკა მელია 2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი, 2014 წელს კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თბილისის მერობისთვის ბრძოლაში. თუმცა, არჩევნების მეორე ტურში ის „ოცნების“ კანდიდატთან დავით ნარმანიასთან დამარცხდა.

ამის შემდეგ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი გახდა 2016 და 2020 წელს.

ნიკა მელია იყო 2019 წლის 20 ივნისს გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილეც. აქციის შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალი წაუყენეს. ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა, სასამართლომ კი 30 00-ლარიანი გირაო და ელექტრონული სამაჯურით მონიტორინგი დაუწესა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მელიამ პროტესტის ნიშნად სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, რის გამოც სასამართლომ მას გირაო გაუზარდა, გირაოს გადაუხდელობის შემდეგ კი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა, პარლამენტმა კი იმუნიტეტი კიდევ ერთხელ მოუხსნა.

ნიკა მელია 23 თებერვალს სპეცდანიშნულების რაზმის მეშვეობით პარტიის ოფისში დააკავეს, რასაც პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

მოგვიანებით, ნიკა მელიას პატიმრობა შევიდა შარლ მიშელის შეთანხმებაში. მას ევროკავშირმა გირაო გადაუხადა და ციხიდან გაათავისუფლეს.