საერთაშორისო მედიის ცნობით, ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.
აშრაფ ღანიმ, რომელმაც ქვეყანა 15 აგვისტოს დატოვა, მას შემდეგ, რაც თალიბანის წევრებმა ქვეყნის დედაქალაქი დაიკავეს, ვიდეომიმართვა ჩაწერა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. მანამდე ამ ქვეყნის მთავრობამ დაადასტურა, რომ ავღანეთის პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები შეიფარა.
„ახლა ვატარებ კონსულტაციებს და ვაპირებ, დავბრუნდე და ძალისხმევა მივმართო იქითკენ, რომ ავღანელებისთვის სამართლიანობა აღდგეს“, – ამბობს აშრაფ ღანი.
პრეზიდენტმა ღანიმ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან ავღანეთიდან გამგზავრებისას თან 169 მილიონი დოლარი წაიღო. მისივე მტკიცებით, მას ქვეყნის დატოვება აიძულეს.
„მე სასახლეში ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ გადატრიალების მსგავსი რამ მოხდა, როდესაც თალიბები შევიდნენ ქაბულში. რომ დავრჩენილიყავი, გავხდებოდი სისხლისღვრის თვითმხილველი“, – განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.
15 აგვისტოს თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის დედაქალაქი, ქაბული აიღეს. ქვეყანა ავღანეთის პრეზიდენტთან ერთად ვიცე-პრეზიდენტმაც დატოვა და დღემდე ტოვებენ როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულები, ასევე, რიგითი მოქალაქეები. ქაბულის ქუჩებსა და აეროპორტში ბოლო რამდენიმე დღეა, ქაოსური სიტუციაა. ვრცელდება მძიმე კადრები, როგორ ეკიდებიან გარედან თვითმფრინავებს მოქალაქეები, რომლებმაც ბორტზე ასვლა ვერ მოახერხეს.