კლიმატის კრიზისი მოითხოვს აქტიურ  საერთაშორისო თანამშრომლობას

პუბლიკა

რან გიდორი

ისრაელის ელჩი საქართველოში

ბოლო ხანებში ორივე ქვეყანას, საქართველოსა და ისრაელს, პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული  უმნიშვნელოვანესი მოვლენებით სავსე მღელვარე დღეები უდგას.

მიუხედავად ამისა, ისინიც კი, რომლებსაც  განსაკუთრებით არ აფიქრებთ კლიმატის კრიზისი, საკმაოდ შეშფოთებულნი არიან იმით, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს გარშემო ხდება.

მასობრივმა წყალდიდობებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა გერმანიასა და დასავლეთ ევროპაში, ხოლო  ჩინეთსა და ინდოეთში მთელი სოფლები წალეკა ძლიერმა წვიმებმა. უზარმაზარი ზომის სეტყვა დაატყდა თავს იტალიას ზაფხულის შუა პერიოდში; ბრიტანეთისა და შვეიცარიის მოსახლეობა გაოცებით ადევნებს თვალს მოულოდნელ და უკონტროლო, წვიმიან ამინდს. სარდინიას, საბერძნეთსა და ციმბირს ფართომასშტაბიანი ხანძარი დაატყდა თავს, ხოლო კალიფორნიაში ტეპერატურამ წარმოუდგენელ რეკორდულ მაჩვენებელს, ცელსიუსით 56 გრადუსს მიაღწია და მისი მოსახლეობა თავს ისე გრძნობდა, თითქოს  ნამდვილ ღუმელში იხუთებოდა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, კლიმატის ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებულმა სამთავრობათაშორისო სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც სერიოზული გაფრთხილება უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის, უნდა შევცვალოთ არსებული ფორმები და გადავიდეთ ცხოვრების იმ სტილსა და ეკონომიკაზე, რომელიც კი არ ანგრევს, არამედ ხელს უწყობს პლანეტა დედამიწაზე კლიმატის, ბუნებისა და გარემოს შენარჩუნებას. 

ძალზედ მნიშვენლოვანია ამ ანგარიშის შედგენაზე მომუშავე ასობით მეცნიერის ჩვენებები, რომლებიც ეფუძნება ათასობით სანდო და მტკიცებულებებით გამყარებულ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევას. დადგა ცვლილებების დრო. თუმცა, ცვლილების პროცესი რთულად მიმდინარეობს და ჩვენ გვჭირდება წარმატებული ისტორიები, ერთმანეთისგან სწავლა და ტექნოლოგიები, რაც დაგვეხმარება, გადავდგათ ნაბიჯები და 2050 წლისთვის წინ წავიწიოთ ნულოვანი ემისიების ეკონომიკისკენ, ხოლო 2030 წლისთვის გავანახევროთ სასათბურე გაზების გამონაბოლქვი.

თვით ბუნებით და წყლით მდიდარი საქართველოც კი ვერ გადაურჩა კლიმატური ცვლილებების ზემოქმედებას. საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება (GSPSA) აცხადებს, რომ „საქართველოს ბიომრავალფეროვნება დეგრადაციის დიდი რისკის ქვეშ იმყოფება. ასევე, დიდია ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს დეგრადაციის, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენების, გარემოს დაბინძურების, უცხო ინვაზიური ჯიშებისა და კლიმატის ცვლილების საფრთხეები“.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ამასწინდელ ანგარიშში ვკითხულობთ: „დადგინდა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლი ყველაზე მეტად იმყოფება საფრთხის ქვეშ. მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის რეაბილიტაციისა და საგარეო ვაჭრობის განვითარებისთვის. საქართველოში მეორე, ყველაზე მეტად მოწყვლადი სისტემა სოფლის მეურნეობაა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხორბალს აღმოსავლეთ საქართველოში. გარდა ამისა, მიუხედავად წყლის რესურსის საკმარისი ოდენობისა, სათანადო ყურადღება ეთმობა წყლის გამოყენების ეფექტიანობის გაზრდას“. 

შემაშფოთებლად ცხადად საუბრობს ზურაბ ნაბახტეველი (სწრაფი განვითარების ლაბორატორიის კვლევის ხელმძღვანელი, UNDP საქართველო): „კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვა საქართველოში პრიორიტეტული საკითხებია, რომელთა ასეთად აღიარება კლიმატის ცვლილების გავლენით და ეკოლოგიის გაუარესებით არის გამოწვეული. მყინვარების სწრაფმა დნობამ და დამანგრეველმა მეწყერებმა უკვე გამოიწვია საშინელი წყალდიდობები (2015 წლის თბილისის წყალდიდობამ 20 ადამიანი იმსხვერპლა), რაც მხოლოდ გაიზრდება ზიანის თვალსაზრისით. ახლად გააქტიურებელი მეწყერები, რაც გამოწვეულია მასიური და დაუგეგმავი მშენებლობებით თბილისში, რამდენიმე რაიონს და ათასობით მოქალაქეს უქმნის საფრთხეს. ათასობით ტყის აკრი დაიწვა ხანძრის შედეგად. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება კიდევ ერთი გადაუდებელი პრობლემაა; ასევე, ძალიან მაღალია  CO2-ის ემისია.

თუკი კარგი იდეებისა და შთაგონების მოძიებისთვის ირგვლივ მიმოიხედავთ, ნახავთ, რომ ისრაელი ყველასგან გამოირჩევა. ათწლეულების განმავლობაში ისრაელმა ისწავლა როგორ განევითარებინა სოფლის მეურნეობა უდაბნოსა და გვალვიან მიწებზე, გადაემუშავებინა ჩამდინარე წყლების 90% და გაემტკნარებინა სასმელი წყალი. ისრაელმა მიაგნო ენერგიის შენახვის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საოცარ გადაწყვეტილებებს; საფუძველი ჩაუყარა ცხოველური პროტეინების ჩამნაცვლებლების წარმოებას და იცის, როგორ უნდა შეინახოს და გადაარჩინოს ტყე გვალვის პირობებში. ისრაელი არის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიგნების ცოცხალი ლაბორატორია.

ისრაელის მიერ შემუშავებული კლიმატთან დაკავშირებული ინოვაციები შესაძლოა დაეხმაროს მთელ მსოფლიოს მისთვის მეტად საჭირო  პოტენციალის განვითარებაში, რომ ადაპტირება მოახდინოს კლიმატის ცვლილებებთან და გააძლიეროს საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა.

ავიღოთ, თუნდაც, ცხოველური პროტეინის ჩამნაცვლებლების სფეროში კვლევით ინსტიტუტებსა და კერძო სექტორში მიღებული არაჩვეულებრივი შედეგები. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხორცი, რძე, კვერცხი და ბევრი სხვა უკვე იწარმოება ლაბორატორიებში იმ მეთოდების გამოყენებით, რომლებიც თითქმის არ გამოყოფენ  სასათბურე გაზებს და, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გამოვათავისუფლოთ  ამჟამად მესაქონლეობისთვის განკუთვნილი უზარმაზარი სასოფლო-სამეურნეო მიწები  მათი ეკოლოგიური აღდგენისა და გატყიანების მიზნით. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგიები გზას უკვალავს საკვების უფრო გაზრდილ უსაფრთხოებას კლიმატის კრიზისის პერიოდში.

ისრაელის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომები აუცილებელია სასათბურე გაზების ემისიის შემცირების მიზნით და გვაძლევს ყველაზე საოცარ გადაწყვეტილებებს კომრესირებული ჰაერის ენერგიის შენახვის, ზღვის ტალღებიდან ენერგიის გენერირების, ენერგიის გამოთვლითი ტექნიკით მართვისა და ბევრი სხვა სფეროსთვის. 

მომავალ წელს, საქართველო და ისრაელი  ორმხრივი დიპლომატური ურთიერთობების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (MASHAV) პირველივე დღეებიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში და  დღეისათვის საქართველოს 1,500 მოქალაქეს ჩაუტარა ტრენინგი სხვადასხვა სფეროში, რომლებიც  ეხებოდა სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებს, მაღალი დონის სარწყავ სისტემებს, საკვების უსაფრთხოებას, მარცვლეულის მოსავლის აღების შემდგომ პერიოდში დანაკარგის მინიმიზაციასა და „მწვანე ენერგიას“. ბოლო დროს, MASHAV-მა გურიისა და სხვა რეგიონების სკოლებს მიაწოდა მაღალი დონის წყლის გამწმენდი ტექნიკა. გარდა ამისა, იგი  ქართველ მეგობრებს უზიარებს ინფორმაციას და გამოცდილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მდგრადი სოფლის მეურნეობის, სარწყავი ტექნოლოგების, წყლის მართვის, გაწმენდისა და გამტკნარების სფეროებში. 

საქართველო უხსოვარი დროიდან  არის უნიკალური ოაზისი და შეუდარებელი ბუნებრივი მარგალიტი. საქართველოს ახალგაზრდა თაობამ უკვე აითვისა აზროვნების პროაქტიური, სამეწარმეო და გამომგონებლური სტილი, რაც აუცილებელია კლიმატის ცვლილების საშიშროებასთან გამკლავების, სტაბილური წინსვლისა და გარანტირებული მომავლისთვის. 

თუკი ცხოვრების მიზანი და მამოძრავებელი ძალა  ჩვენ ვართ,  მაშინ უნდა ვითანამშრომლოთ. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ არ არსებობს ერთი რომელიმე, ცალკე აღებული ქვეყანა, როგორიც გინდა ძლიერი და განვითარებული იყოს იგი, რომელიც შეძლებს მარტო გაუმკლავდეს კაცობრიობის ისტორიაში ამ უპრეცედენტო კრიზისს. ჩვენ გვჭირდება, გავაერთიანოთ ყველას შესაძლებლობა რათა ეს უზარმაზარი ხომალდი, რომელსაც პლანეტა დედამიწა ეწოდება და რომელზეც ყველა ერთად ვიმყოფებით, ერთიანი ძალისხმევით შემოვაბრუნოთ უსაფრთხო ნაპირისკენ. ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი ერთად მუშაობა, ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარება და ურთიერთდახმარებაა. ისრაელი გამოხატავს სურვილს, გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და ისწავლოს სხვებისგან.