ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსთან ბრძოლის ახალი სტრატეგია წარადგინა. სტრატეგიით, რომელიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს, ვაქცინაციის პოლიტიკა მკაცრდება.
შეერთებულ შტატებში ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ისეთ ადგილას მუშაობებ, სადაც 100-ზე მეტი დამსაქმებელია, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულმა ყოველკვირეულად უნდა გაიკეთოს ტესტი.
კიდევ უფრო მკაცრდება ვაქცინაციის პოლიტიკა ფედერალურ მთავრობაში. ამ სექტორში დასაქმებულებს მხოლოდ ვაქცინაციის შემდეგ შეეძლებათ მუშაობა. ყოველკვირეული ტესტირების არჩევნი უქმდება. ასეთივე მოთხოვნას უყენებს ამერიკის პრეზიდენტი ფედერალური მთავრობის კონტრაქტორებს.
ვაქცინაციის პოლიტიკა მკაცრდება სამედიცინო სექტორშიც, რომელიც ამერიკის სოციალური დაზღვევის ფულს იღებს. აშშ-ის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის მოთხოვნებს კერძო სექტორიც გაამკაცრებს.
როგორც CNN წერს, „გელაპის“ ბოლო კვლევით, ამერიკელი დამსაქმებლების 19% ამბობს, რომ დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე დაბრუნებამდე წინაპირობად მოითხოვენ აცრას. ივლისში ამ პოზიციას დამსაქმებელთა მხოლოდ 9% იზიარებდა.
ხოლო ABC News/Washington Post-ის კვლევით, ისეთ დაწესებულებებშიც კი, სადაც აცრა სავალდებულო არ არის, დასაქმებულთა მხოლოდ მცირე ნაწილი ამბობს უარს ვაქცინაციაზე. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა მესამედზე ნაკლებია. თუმცა მათ შორის, ვინც აცრაზე უარს ამბობს, ბევრია ისეთი, ვისაც ურჩევნია სამუშაო ადგილი დათმოს, ვიდრე აიცრას.
ბაიდენის გადაწყვეტილება აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება, აქტიური ვაქცინაციის მიუხედავად. თუმცა, ახალი შემთხვევების, განსაკუთრებით კი ჰოსპიტალში გადაყვანილი პაციენტების უმეტესობას მოსახლეობის ის ნაწილი შეადგენს, რომელიც ჯერ კიდევ არ აცრილა.
ბაიდენის ახალი კოვიდსტრატეგიის მიხედვით, შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, მალე დაიწყება, ე.წ., ბუსტერდოზების გაკეთება. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფების, ე.წ., ბუსტერდოზით აცრა შესაძლოა 20 სექტემბრიდან დაიწყოს. თუმცა ჯერჯერობით მსგავსი პროტოკოლი არ შექმნილა.
ახალი სტრატეგიის მიხედვით, ამერიკაში გაიხსნება სკოლები. ბაიდენი მოუწოდებს გუბერნატორებს, მოითხოვონ პედაგოგიური პერსონალის აცრა.
ბაიდენის ახალი სტრატეგია ასევე ითვალისწინებს ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებას, ეკონომიკის აღდგენისთვის ხელის შეწყობას და კორონავირუსით ინფიცირებულთა დახმარების გაუმჯობესებას.