არც Facebook-გვერდს და არც ამ ადამიანებს პარტიასთან კავშირი არ აქვთ - წალენჯიხის მერობის კანდიდატი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატიი გოგა გულორდავა აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მითითება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ უსაფუძვლოა.

„ფორმულასთან“ საუბარში გულორდავა ამბობს, რომ ფოტოზე ასახულია ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც, მისი თქმით, ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და მათგან ერთ-ერთს ეცვა „ქართული ოცნების“ მაისური და ასე აღმოჩნდა ფოტოზე.

მისი მტკიცებით, არც ფეისბუქგვერდსა და არც ფოტოზე ასახულ ადამიანებს პარტიულ ორგანიზაციასთან არ აქვს.

„ჩვენთან შტაბში ეს ადამიანები არ არიან. არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც ეწევა ქალაქ ჯვარში საქველმოქმედო საქმიანობას. ამ ფოტოებში აღმოჩნდა ერთ-ერთი, რომელსაც აცვია „ქართული ოცნების“ მაისური.

არანაირი კავშირი არც იმ ფეისბუქგვერდს და არც იმ ადამიანებს, რომლებმაც აქცია თუ ქველმოქმედება ჩაიდინა, ჩვენს პარტიულ ორგანიზაციასთან არ აქვს“, – განაცხადა გულორდავამ.

ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) მერობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას საჩივრით მიმართა და უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობით ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.

ISFED-ს ცნობით, 9 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას მხარდამჭერ Facebook-გვერდზე გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს პარტიის აქტივისტების მიერ საკვები პროდუქტების შეძენისა და მოქალაქეებისთვის დარიგების ფაქტი.

ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი „ა“ ქვეპუნქტის დარღვევას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლით განსაზღვრულ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.