როგორ შეძლო დეველოპერმა დაზარალებულთა აქტივების კაპიტალიზება | ყიფშიძის ქუჩაზე მშენებლობის შესახებ

პუბლიკა

ავტორი: მოძრაობა „ბეტონყმობა ვაკეში”

თბილისის მერიამ აქტიურად დაიწყო დაუმთავრებელი მშენებლობების განახლების პროცესი. როგორც ამბობენ, ეს შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებით ნაკარნახევი საჭიროება იყო, თუმცა ამ დასაბუთების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა შესაძლებელია. თბილისის მერიას ყიფშიძის ქუჩის შემთხვევაში შეჩერებული მშენებლობის განახლებისას არ უმსჯელია მთელი რიგი ცენტრალური საკითხების შესახებ. მათ შორის იმის შესახებ, რა ოდენობის ვალის ანაზღაურებას საჭიროებენ დაზარალებულები და რის სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო ეს. აღნიშნული კი ქმნის იმის საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს წესი არის მარტივი გზა მსხვილი დეველოპერული ბიზნესებისთვის, რათა მათ მოიპოვონ ნებართვა მასშტაბური მშენებლობებისთვის დაზარალებულთა ოჯახების გამოყენებითა და მათი აქტივების კაპიტალიზებით.

ყიფშიძის N1-ის დაზარალებულები 30 წელზე მეტია ბინებს ელოდებიან, ნანატრი მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, მაგრამ 2008 წელს, ომის დროს ინვესტორის გაკოტრების გამო შეჩერდა. ნაწილობრივ აშენებული 17 000 კვ.მ. შენობა და შესრულებული სამუშაოები 2011 წელს 5 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა. მშენებლობის შეჩერების შედეგად დაზარალდა ამხანაგობის 128 ოჯახი და დამატებით 62 მყიდველი, რომლებმაც ფართები 2007 წელს შეიძინეს. ჩვენი ინფორმაციით, ახალ 62 მყიდველს ფართების ღირებულების მხოლოდ 13% აქვთ გადახდილი.

როგორ მოახდინა ახალმა დეველოპერმა დაზარალებულთა აქტივების კაპიტალიზება – პირველ რიგში, დეველოპერმა ღირებულება გაუნულა ნაწილობრივ შესრულებულ 6-სართულიან კონსტრუქციას, რომელშიც უამრავი დაზარალებულის ფული იყო ჩადებული და 6 სართულის დემონტაჟი განახორციელა.

რატომ დასჭირდა დეველოპერს 6-სართულიანი ნაგებობის სრული დემონტაჟი, რა მოიგო დეველოპერმა დემონტაჟით და როგორ დაითანხმა მან ამაზე დაზარალებული მოსახლეობა?

პირველ ეტაპზე ინვესტორმა დაზარალებულები შეჩერებული შენობის მხოლოდ 30%-ის დემონტაჟის საჭიროებაში დაარწმუნა. თუმცა, სავარაუდოდ, მან თავიდანვე იცოდა, რომ შენობის დანარჩენი 70%-იც არ გამოადგებოდა თავისი გეგმების შესასრულებლად (სამი მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად). 30%-ის დემონტაჟიდან 3 თვის შემდეგ ინვესტორმა მოსახლეობას განუცხადა, რომ ან სულ უნდა დაენგრია შეჩერებული შენობა ან მას ხარჯი უკვე გაწეული ჰქონდა და 30%-ის დემონტაჟს დაზარალებულებს ის ვალად ადებდა.

დაზარალებულები, რომლებიც 30 წელი სახლების მოლოდინში იყვნენ, შეშინდნენ – ვაი თუ ინვესტორი გაგვექცესო და სრულ დემონტაჟს დათანხმდნენ… ამ ქმედებით ინვესტორმა დაზარალებულებს უკან დასახევი გზა მოუჭრა, რაც ჰქონდათ ისიც დაუნგრია და სართულების დამატებაც დემონტაჟის ხარჯით „გააპრავა“.

ნაწილობრივი დემონტაჟის შემდეგ, 2020 წელს, პანდემიის სრული ლოქდაუნის დროს მერიამ და საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება – ახალი ინვესტორისთვის, „გუმბათი ჰოლდინიგი +-ისთვის“ დაეწესებინა შეღავათები, გაეზარდა ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტი და უფლება მიეცა სიმაღლის სქემის დარღვევაზე.

შედეგად, არქიტექტურის სამსახურში ნებართვა გაიცა 25-, 19-  და 16-სართულიანი, ერთმანეთზე გადაბმული 3-კორპუსიანი კომპლექსის მშენებლობაზე.

საყურადღებოა, რომ ახალი პროექტის მიხედვით ეს კომპლექსი მოიცავს 91 831 კვ.მ-ს. თავდაპირველი ამხანაგობის წევრი დაზარალებულებისთვის (128 ოჯახი) გადასაცემი ფართია 16 700კვ.მ (18% სრული ტერიტორიისა), ხოლო დანარჩენი 62 დაზარალებულისთვის (რომლებსაც თანხის მხოლოდ 13% აქვთ დაფარული) განკუთვნილია 8,731 კვ.მ (9%). უსამართლობაა, როცა 62 ახალი მყიდველი, რომელთაც ჯერ დაფარული არ აქვთ შენატანი, სრულყოფილად დაზარალებულებად ითვლებიან. როგორც არ უნდა იყოს, 10 988 კვ.მ. მიწაზე აშენებული 60 ახალი სართულიდან დაზარალებულებს რეალურად მხოლოდ 20%-მდე ფართი გამოეყოფათ, 80%-ზე მეტი კი ინვესტორის მოგებად დარჩება.

ბუნებრივია, რომ თბილისის მთავრობასა და დეველოპერის ეს შეთანხმება ეჭვებს აღძრავს, რომ ამ კომპლექსის მშენებლობა დაზარალებულების დაკმაყოფილების მოტივით კი არ დაიგეგმა, არამედ პირიქით, მაღალსართულიანი უკანონო მშენებლობის კანონის გვერდის ავლის გზით.

რატომ აპროტესტებს ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობა ამ მშენებლობის განახლებას:

მოსახლეობა აცნობიერებს, რომ დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა გამოიწვევს ყიფშიძის ქუჩაზე სატრანსპორტო კოლაფსს, გარშემო კორპუსების მცხოვრებთა ბინების გაუფასურებას და მზის სხივისა და ჰაერის მოძრაობის სრულ ჩახშობას.

190 დაზარალებული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას ამოფარებული  კომპანია დააზარალებს რამდენიმე ათას ოჯახს, რომელთაც ცხოვრების გაუსაძლისი პირობები შეექმნებათ.

შეგახსენებთ, რომ დაზარალებული ოჯახების დავალიანება ჯერ კიდევ 2006 წელს სახელმწიფო შიდა ვალადაა აღიარებული, მაგრამ სინამდვილეში მისი გადახდა ყიფშიძის არსებულ მოსახლეობას თავისი ჯანმრთელობისა და ქონების გაუფასურების ხარჯზე უწევს. ინვესტორი მიიღებს მოგებას, დაზარალებული 190 ოჯახი  – ბინებს, ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას (და ამავე დაზარალებულებსაც) კი მოუწევს ცხოვრება უჰაერო, უმზეო და საცობებით სავსე უბანში.

მოსახლეობას თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში ორი პარალელური სარჩელი აქვს წარდგენილი. ერთ-ერთი თბილისის არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ, რომელმაც აღნიშნულ მშენებლობაზე 2021 წლის 15 ივნისს გასცა მშენებლობის ნებართვა, ისე, რომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა დასახლების მდგრადი განვითარება;  ტრანსპორტის მოძრაობის სქემა; მშენებლობის გავლენა მომიჯნავე შენობებზე; წარმოდგენილი გეოლოგიური დასკვნის სათანადოობა და ა.შ.. თბილისის საკრებულოს წინააღმდეგ კი დავა ეხება საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის (ვაკის ამჟამინდელი მაჟორიტორობის კანდიდატი) ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელმაც ყიფშიძის ქუჩის აღნიშნულ ტერიტორიაზე შეჩერებული მშენებლობის განახლება საშეღავათო პირობებით  დაუშვა.

ნებართვის მფლობელი კომპანია ახლა შპს „გუმბათი ჰოლდინგ +-ია“, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა და მისი 50-50%-აინი წილების მფლობელები თამაზ ბალაძე და მერაბ ტყეშელაშვილი (რუსთავის ყოფილი მერი და პარლამენტის დეპუტატი მოქალაქეთა კავშირიდან) არიან.