2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს ლიტერატურის დარგში 8 ოქტომბერს დაასახელებენ. ოფიციალური განრიგის მიხედვით, შვედეთის აკადემია გამარჯვებულს ხუთშაბათს, 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე) გამოავლენს.
ნობელის პრემიის კომიტეტი ოფიციალურ ნომინანტთა სიას წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავს. ამის მიუხედავად, წამყვანი ტოტალიზატორები (და ზოგიერთი ლიტერატურული გამოცემებიც) ყოველწლიურად, წინასწარ აქვეყნებენ მთავარ ფავორიტებს, რომელთა შანსებსაც რეიტინგების მიხედვით ალაგებენ.
2026 წელს ნობელის პრემიის მთავარ ფავორიტებად შემდეგ ავტორებს მიიჩნევენ:
ცან სუე (Can Xue); ჩინელი ავანგარდისტი მწერალი ქალი. უკვე რამდენიმე წელია, რაც ნობელის პროგნოზების სათავეშია. მისი სიურეალისტური და ექსპერიმენტული პროზა („სიყვარული ახალ ათასწლეულში“, „საზღვარი“, „ხუთი სუნელი ქუჩა“) შვედეთის აკადემიის ლიტერატურულ გემოვნებასთან ახლოა, ამიტომ პრემიის მოპოვების შანსიც საკმაოდ მაღალია.

ჰარუკი მურაკამი (Haruki Murakami); 21-საუკუნის ყველაზე ცნობილი იაპონელი ავტორი („ნორვეგიული ტყე“, „დასაქოქი ჩიტის ქრონიკები“, „ნადირობა ცხვარზე“, „კაფკა პლაჟზე“). შეიძლება ითქვას, რომ ნობელის პრემიის „მარადიული კანდიდატია“, რომელმაც ჯერ–ჯერობით ვერაფრით მოიგო კომიტეტის წევრების გული. თუმცა, ყოველი წლის ოქტომბერში მისი გვარი ტოპ–სამეულშია. შესაძლოა იმიტომაც, რომ მურაკამის მასობრივი პოპულარობა ხშირად აკადემიის გადაწყვეტილებასთან და გემოვნებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

თომას პინჩონი (Thomas Pynchon); თანამედროვე ამერიკული პოსტმოდერნიზმის ლეგენდა. პროგნოზების მიხედვით, მას პრემიის მოპოვების ერთ–ერთი ყველაზე მაღალი შანსი აქვს, თუ ბოლოს და ბოლოს აკადემია ამერიკული ლიტერატურის დაფასებას მისი ნაწარმოებებით გადაწყვეტს („გრავიტაციის ცისარტყელა“, „მეისონი და დიქსონი“, „ლოტ 49-ის გამოცხადება“).

კრისტინა რივერა გარსა (Cristina Rivera Garza); მექსიკელი მწერალი ქალი. ძირითადად, ლიტერატურული ფორუმების ფავორიტია, სადაც მიიჩნევენ, რომ ესპანურენოვანი ქალი– ავტორის გამარჯვების ალბათობა წელს საკმაოდ მაღალია. ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ 2024 წელს მან პულიცერის პრემია მიიღო. მთავარი ნაწარმოებები – „ლილიანას უძლეველი ზაფხული“, „არავის დაუნახავს როგორ ვტირი“, „ტაიგას სინდრომი“, „ბამბის ავტობიოგრაფია“.
ჯერალდ მერნენი (Gerald Murnane); ავსტრალიელი მწერალი, რომელსაც ბევრი კრიტიკოსი ცოცხალ კლასიკოსად მიიჩნევს. ავსტრალიელ ავტორს ნობელის პრემია დიდი ხანია არ მიუღია, რაც მის შანსებს უდავოდ ზრდის („ვაკეები“, „შიდა მხარე“, „მილიონი ფანჯარა“, „სასაზღვრო რაიონები“).
ენ კარსონი (Anne Carson); კანადელი პოეტი, დრამატურგი და ესეისტი. ლიტერატურის პლატფორმებზე და ფორუმებზე მასზე საკმაოდ მაღალი ფსონები იდება. მიიჩნევენ, რომ მისი ნაწარმოებები ანტიკური მითების თანამედროვე, ეროტიკული და გაბედული ინტერპრეტაციით გამორჩევა („ქმრის სილამაზე“, „წითლის ავტობიოგრაფია“, „ეროსი:ტკბილ–მწარე“, „არასწორი ნორმა“ – რომელმაც კანადელი კრიტიკოსების ეროვნული ჯილდო დაიმსახურა).

მარგარეტ ეტვუდი (Margaret Atwood), მსოფლიოში აღიარებული კანადელი მწერალი, პოეტი, კრიტიკოსი და აქტივისტი. ცნობილი ბესტსელერის, „მხევლის წიგნის“ ავტორი. მისი სხვა ნაწარმოებებია: „აღთქმები“ („მხევლის წიგნის“ ერთგვარი გაგრძელება, რომელმაც მას „ბუკერის“ პრემია მოუტანა), „ბრმა მკვლელი“ (კიდევ ერთი რომანი, რომელიც „ბუკერით“ აღინიშნა), „ალიას გრეისი“ (ისტორიული დეტექტივი, რომელიც XIX საუკუნეში კანადაში მომხდარ მკვლელობას ეფუძნება). დიდი პოპულარობისა და უამრავი პრემიის მიუხედავად, ნობელის პრემია არ მიუღია, ამდენად 2026 წელს მისი შანსები კიდევ უფრო იზრდება.

ლუდმილა ულიცკაია (Lyudmila Ulitskaya) კრემლის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ცნობილი რუსი მწერალი ქალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე წავიდა ემიგრაციაში; ამჟამად ცხოვრობს ბერლინში. ბუნებრივია, რუსეთის მიერ გამოცხადებულია „ინოაგენტად“. პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით შესაძლოა მისი შანსები გაიზარდოს. მთავარი რომანები: „დანიელ შტაინი; თარჯიმანი“, „კუკოცკის კაზუსი“ (რომლის გამოც „რუსული ბუკერი“ მიიღო), „მედეა და მისი შვილები“, „მწვანე კარავი“.
