სიკვდილი შავი ჭირის ინსტიტუტში - რას მალავს მოსკოვი ციმბირში?

ქრისტინე მუჯირი

28 სექტემბერს რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქში, ჯანმრთელობის დამძიმებული მდგომარეობით შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოს 28 წლის დარია შიპილოვამ მიმართა.

29 სექტემბერს ქალმა განაცხადა, რომ ის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლი იყო.

1 ოქტომბერს შელეხოვის საავადმყოფოში შეწყვიტეს პაციენტების მიღება და კარანტინი გამოცხადდა, თუმცა იმ დროისთვის არავინ ამბობდა, რატომ ჩაიკეტა საავადმყოფო.

2 ოქტომბერს ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

იმავე ღამით სამი მანქანა მივიდა დარიას შიპილოვას სახლთან, საიდანაც, თვითმხილველების თქმით, გადმოვიდნენ სპეციალურ დამცავ კოსტიუმებში შეფუთული და ნიღბებით აღჭურვილი ადამიანები, რომლებმაც დაიწყეს მთელი კორპუსის დეზინფექცია. შიპილოვას მეზობლები სადეზინფექციოდ მისულებს ეკითხებოდნენ, თუ რა ხდებოდა, ცდილობდნენ ვითარებაში გარკვევას, თუმცა ცხადი პასუხი არ მიუღიათ. კორპუსის ერთ-ერთმა ბინადარმა ადგილობრივ მედია „ლიუდი ბაიკალასთან“ განაცხადა, რომ სანიტარული ჯგუფიდან მას დეზინფექციის მიზეზად დაუსახელეს „ახალგაზრდა ქალის მომაკვდინებელი ვირუსით გარდაცვალება“. კორპუსში სულ სამჯერ ჩაატარეს დეზინფექცია.

…

ქალაქ ირკუტსკში მდებარეობს ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც დასაქმებულია 90-ზე მეტი ადამიანი.

ინსტიტუტში წარმოებს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევები, რომელთა მიზანია, ციმბირსა და მიმდებარე რეგიონებში შეისწავლოს ისეთი საშიში ინფექციები, როგორიცაა შავი ჭირი, ქოლერა და ბრუცელოზი, შეამციროს ეპიდემიების გავრცელების რისკი, თუმცა შეიქმნა პარადოქსული ვითარება და ერთი კვირაა, მთელი მსოფლიო აკვირდება ციმბირის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო ინსტიტუტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს – გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, თავად დაწესებულება გამხდარიყო შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის გავრცელების კერა.

დარია შიპილოვას გარდაცვალების ღამესვე, 2 ოქტომბერს, ჩაინიშნა სასწრაფო შეხვედრა ირკუტსკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და რადგანაც ქალის გარდაცვალების მიზეზი პნევმონია იყო, მოსკოვიდან ირკუტსკში ჩაფრინდა რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უწყების (როსპოტრებნადზორის)  ხელმძღვანელი ანა პოპოვა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ საგანგებოდ შექმნილი კომისიის წევრებიც.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პირველ საჯარო განცხადებაში ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა, ანა პოპოვასთან შეხვედრის მიზეზი ღიად დაასახელა: დარია შიპილოვას სავარაუდო ინფიცირება „განსაკუთრებით საშიში ინფექციით“.

როსპოტრებნადზორმა სასწრაფოდ მიიღო ზომები – დაიწყო სავარაუდო კონტაქტების აქტიური მოძიება და მათი კარანტინში გადაყვანა. არსებული ინფორმაციით, სულ მეთვალყურეობის ქვეშ 200-მდე ადამიანი მოექცა. ისინი ორ ადგილობრივ საავადმყოფოში გადანაწილდნენ, ხოლო 12 პირი უშუალოდ შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში დაიტოვეს მკაცრი იზოლაციის დაკვირვების პირობებში.

ამავდროულად, ირკუტსკში ყველა საავადმყოფო ჩაიკეტა, მათ შორის სამშობიაროც. პაციენტებთან მნახველების შესვლა მკაცრად აიკრძალა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში გამოაკრეს ე.წ. „შავი ჭირის კითხვარები“, რომელთა შევსებაც პაციენტებს ევალებოდათ. ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებოდნენ, რომ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს, რომლებსაც იზოლაციაში კონტაქტები გადაჰყავდათ, ეფ-ეს-ბეს მანქანები აცილებდა.

ამასობაში, შესაძლო შავ ჭირზე ცნობებმა სოციალურ ქსელებსა და სახელმწიფო მედიაში იმატა. მოსახლეობის გასაფრთხილებლად 2 ოქტომბერსვე გააკეთა განცხადება მეზობელი ბურიატეთის რესპუბლიკის მეთაურმა, ალექსეი ციდენოვმა. მან თავდაპირველად პირდაპირ დაწერა: „ქალი, რომელიც შავმა ჭირმა იმსხვერპლა“, თუმცა მოგვიანებით პოსტი ჩაასწორა და ფრაზა უფრო ფრთხილი ფორმულირებით შეცვალა – „ქალი, რომელიც, შესაძლოა, შავმა ჭირმა იმსხვერპლა“.

2 ოქტომბერს ირკუტსკში დაგეგმილი ქალაქის მასშტაბური დასუფთავების აქცია მერიამ გააუქმა. მომდევნო დღეს, 3 ოქტომბერს, შელეხოვიდან 150 კილომეტრით დაშორებული ქალაქ ბაიკალსკის ადმინისტრაციამ საჯარო გაფრთხილება გამოაქვეყნა: „ქალაქ შელეხოვში შავი ჭირის შემთხვევის შესახებ გავრცელებული არაოფიციალური ცნობების გამო, გთხოვთ, დროებით თავი შეიკავოთ შელეხოვსა და მეზობელ დასახლებულ პუნქტებში ვიზიტისგან“.- ეს განცხადება ოფიციალური გვერდიდან გამოქვეყნებიდან ზუსტად ორ საათში წაიშალა.

ჟურნალისტები კითხვებზე ოფიციალურ პასუხებს ვერ იღებდნენ და ცდილობენენ წყაროებზე დაყრდნობით ამბების გავრცელებას.

თავდაპირველად სოციალურ ქსელებში იწერებოდა, თითქოს დარია შიპილოვას შავი ჭირით ინფიცირებულმა ლაბორატორიულმა ვირთხამ უკბინა. მოვლენების გამოძიება დაიწყო ჟურნალისტმა პაველ სტეფანოვმა, რომელმაც საკუთარ Telegram-არხზე დაწერა, რომ ლაბორანტს, სავარაუდოდ, შავი ჭირის ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა და ინფიცირებაც სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა. ცხადია, ოფიციალურ პირებს ეს ვერსია არ დაუდასტურებიათ.

„უცნობი პნევმონია“? –  მოსკოვის განცხადება და ეჭვები

4 ოქტომბერს როსპოტრებნადზორმა პირველ ოფიციალურ განცხადებაში დარია შიპილოვას გარდაცვალების მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია“ დაასახელა. უწყების მტკიცებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, გარდაცვლილის ორგანიზმში „არ აღმოჩენილა ისეთი მიკროორგანიზმები, რომლებიც მის პროფესიულ საქმიანობასთან იქნებოდა დაკავშირებული“.

ამასთან რუსეთის ჯანდაცვის უწყებიდან მედიებს მიუვიდათ მითითება, რომ მხოლოდ „როსპოტრებნადზორის“ განცხადებებს დაყრდნობოდნენ.

5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ინფორმირებულია ირკუტსკის ოლქში უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და ყალბი და სპეკულაცია უწოდა ყველა ინფორმაციას  შავი ჭირის შესაძლო გამოვლენის შესახებ.

6 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ,  განაცხადა, რომ რუსეთმა მსოფლიოს მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ირკუტსკის შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალებაზე. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვითარებას „საათობრივად და ძალიან ყურადღებით აკვირდება“. რუბიომ დასძინა, რომ თუ ვითარება უფრო სერიოზული აღმოჩნდება, ვიდრე მოსკოვი აცხადებს, აშშ-ს შეუძლია, მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის დასახმარებლად. რუბიოს შემდეგ ამ თემას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც, რომელმაც განაცხადა, რომ „სერიოზულად აკვირდება“ მიმდინარე ამბავს და რომ ამ თემაზე პუტინს დაელაპარაკება.

მოგვიანებით „როსპოტრებნადზორმა“ ირონიული განცხადებით უპასუხა შეერთებულ შტატებს, რომ, პირიქით, რუსეთის ფედერაციაა მზად, დაეხმაროს აშშ-ს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში.

6 ოქტომბრისთვის ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები ეტაპობრივად უქმდებოდა. „როსპოტრებნადზორმა“ თქვა, რომ ირკუტსკის პრევენციული ღონისძიებების შეზღუდვას იწყებდა. უწყების ცნობით, გარდაცვლილი თანამშრომლის კონტაქტების „90%-ზე მეტისთვის“ სამედიცინო დაკვირვება დაასრულა და რაიმე საშიში პათოგენი არ აღმოჩენილა, თუმცა კვლევებმა ქალთან კონტაქტში მყოფ პირებში კოვიდისა და რინოვირუსული ინფექციის ორ-ორი შემთხვევა გამოავლინა.

უკვე 8 ოქტომბერს ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა, ყველა პრევენციული ღონისძიება დასრულებულად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ 5 000-მდე ლაბორატორიულმა ტესტმა არანაირი საშიში პათოგენი არ გამოავლინა.

მოსკოვის მცდელობის მიუხედავად, დაეხურა თემა, 7 ოქტომბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, კრემლისგან მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა:

„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ამ მოვლენის სრული სურათი და სრულფასოვნად ვერ ვაფასებთ რისკებს. დროული, სრული და გამჭვირვალე ინფორმაციის გაზიარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ურთიერთგამომრიცხავი ცნობების გასარკვევად და პოტენციური საზოგადოებრივი რისკის ზუსტი შეფასებისთვის“.

გებრეიესუსის თქმით, რუსულმა მხარემ ჯანმოს დაუდასტურა, რომ  გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფების ტესტირებისას არ გამოვლენილა მაღალი საფრთხის პათოგენები.

„როსპოტრებნადზორის“ მოკლე განცხადება, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში „სამუშაოსთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა“, ამომწურავი არ არის და კითხვებს ტოვებს. რუსეთის ოფიციალურ უწყებებს პირდაპირ არ განუცხადებიათ, რომ  ტესტირებითა და კვლევებით შავი ჭირი გამოირიცხა.

სწორედ ოფიციალური ინფორმაციის სიმწირეზე, შესაძლო მიზეზებსა და მომხდარ ამბებზე მსჯელობს 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალაში ადგილობრივი გამოცემა „ლიუდი ბაიკალას“ ჟურნალისტი. მისი ვარაუდით, ოფიციალური პირების დუმილი შესაძლოა, თავად დაწესებულების სპეციფიკას უკავშირდებოდეს: დარია შიპილოვა ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებს სწავლობენ.

ჟურნალისტის მსჯელობით, თუ დადასტურდებოდა, რომ თანამშრომელი სამუშაო ადგილზე დაინფიცირდა, ეს ინსტიტუტის ბიოუსაფრთხოების სისტემის სერიოზულ ჩავარდნაზე მიუთითებდა. ამავე დროს ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ოფიციალური უწყებების ბუნდოვანი ფორმულირებები მომავალში შესაძლოა ინფიცირების ბუნებრივ კერასთან დაკავშირების შესაძლებლობას ტოვებდეს და არა ლაბორატორიულ ინციდენტთან.

როგორ რეაგირებენ რუსეთის მეზობლები?

კრემლის დამამშვიდებელი განცხადებების მიუხედავად, ირკუტსკში განვითარებულმა მოვლენებმა ცენტრალური აზიის რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.  მაგალითად, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირკუტსკის ოლქში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აკვირდებოდა და 7 800-კილომეტრიან საზღვარზე მკაცრი სანიტარიული კონტროლი და მგზავრების თერმოსკრინინგი დააწესა. ყირგიზეთის ჯანდაცვის უწყებამ საზღვარზე მგზავრების, ტრანსპორტისა და ტვირთის განსაკუთრებული მონიტორინგი დაიწყო, ხოლო ტაჯიკეთმა, რომელსაც საზღვარიც კი არ აქვს რუსეთთან, სასაზღვრო პუნქტებში დასაქმებულებს ერთჯერადი დამცავი კოსტიუმების ტარება დაავალა. საზღვარზე ყველა შემსვლელს უზომავენ ტემპერატურას და ამოწმებენ ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა პირღებინება, კუნთების ტკივილი და სიცხე. უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულმა სანიტარულმა და ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიიღეს ზომები შავი ჭირისა და სხვა ინფექციური დაავადებების საზღვარზე გასაკოტროლებლად.

იმ დროს, როდესაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს, საქართველოს ხელისუფლებას პრევენციული ან დამატებითი უსაფრთხოების ზომები არ გაუტარებია.

10 ოქტომბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარელმა, მედიასთან განაცხადა, რომ უწყება საფრთხეს ვერ ხედავს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მუდმივ კონტაქტზეა და მათგან ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია:

„ვფიქრობ, საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციის ძირითადი წყარო ჩვენთვის არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. იცით, რომ საქართველო უკვე მრავალი წელია, ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია და იქიდან, რა თქმა უნდა, ვიღებთ ინფორმაციას, მათთან ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია. როგორც კი იქ რაიმე განგაშის ზარი ჩაირთვება, რა თქმა უნდა, საქართველოც სრულად აღჭურვილი და მომზადებული შეხვდება არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერ ეპიდემიურ საფრთხეს…“, – აღნიშნა ცაგარელმა.

თუმცა მინისტრის მოადგილის განცხადებასთან კონტრასტშია თავად ჯანმოს პოზიცია. ორგანიზაცია ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ რუსეთისგან მიღებული არასაკმარისი მონაცემების გამო, მას ჯერ არ აქვს მოვლენების სრული სურათი და რისკების სრულფასოვნად შეფასებასაც ვერ ახერხებს.

ამ ფონზე საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების ნაკადის გათვალისწინებაც. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი სწორედ რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა – 328.9 ათასი, რაც ვიზიტორთა საერთო ნაკადის 25.1%-ს შეადგენდა.

რა თქვეს სპეციალისტებმა?

„უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები, რაც უკვე მიიღო ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა“ , – განაცხადა 8 ოქტომბერს „ინტერპრესნიუსთან“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმ ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა რუსეთიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი. გამყრელიძის თქმით, 2014 წელს, როდესაც ებოლას დიდი აფეთქება იყო აფრიკაში, ქვეყანამ მიიღი შესაბამისი ზომები, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის ცენტრი საქართველოდან შორს იყო.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის შეფასებით, ირკუტსკში განვითარებული მოვლენები ჩვეულებრივი პნევმონიის სცენარს სცდება. ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 7 ოქტომბერს მან აღნიშნა, რომ უბრალო ფილტვების ანთების დროს ასობით კონტაქტს იზოლაციაში არავინ გადაიყვანდა, მით უმეტეს, როდესაც დაზუსტებულია, რომ გარდაცვლილი შავი ჭირის ლაბორატორიაში მუშაობდა. ბუწაშვილი განსაკუთრებულ საფრთხეს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან ინფორმაციის ჩაკეტვაში ხედავს და პარალელს COVID-19-ის პანდემიის დასაწყისთან ავლებს.

„როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, ეპიდაფეთქების ლოკალიზება ვერ მოხერხდა სწორედ იმის გამო, რომ ის ჩინეთში ნორმალური კომუნიკაციის პრობლემის მქონე სახელმწიფოში დაიწყო. ახლა მეორე ასეთ ქვეყანასთან, რუსეთთან გვაქვს საქმე, საიდანაც ნორმალური კომუნიკაცია და ამბების გაგება შეუძლებელია… თუნდაც დაბალი რისკი, ისეთი დაავადების დროს, როგორიც შავი ჭირია, მაინც უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს“, – თქვა ბუწაშვილმა.

სპეციალისტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ჭირი ანტიბიოტიკებით თერაპიას ექვემდებარება, მთავარი გამოწვევა დაავადების პირველადი ამოცნობაა. პათოგენი ჩვეულებრივი პნევმონიის სიმპტომებით მიმდინარეობს, ახასიათებს მაღალი ლეტალობა, მოკლე ინკუბაციური პერიოდი და სწრაფი პროგრესირება, რაც დიაგნოსტირებისთვის ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს ძალიან ცოტა დროს უტოვებს.